ბრაზილია

პრესკონფერენციისას პირბადის მოხსნის გამო ბრაზილიის პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან

ჟაირ ბოლსონარო
AFP

ბრაზილიის პრესის ასოციაცია პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს უზენაეს სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისაა, რომ მან ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაიცვა უსაფრთხოების წესები და პირბადე მოიხსნა. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ბოლსონარომ, რომ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესკონფერენციაზე იყვნენ CNN Brasil-ის, TV Record-ის და TV Brasil-ის ჟურნალისტები. ისინი ამჟამად კარანტინში არიან. პრესკონფერენციის დასაწყისში ბოლსონაროს პირბადე ეკეთა, თუმცა ჟურნალისტები მასთან 2 მეტრზე ახლოს იყვნენ. მოგვიანებით პრეზიდენტმა უკან დაიხია და პირბადე მოიხსნა რადგან სურდა ეჩვენებინა, რომ კარგად იყო.

მას ჟურნალისტების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ედავებიან.

ბოლსონაროსთან კონტაქტის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ მინისტრსაც. ტესტირების შედეგებს ელოდებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

თავად ბოლსონარო ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სამკურნალოდ ჰიდროქსიქლოროქვინს (პლაქვენილი) სვამს. დონალდ ტრამპის მსგავსად ბოლსონარო მიიჩნევს, რომ წამალი ვირუსთან ბრძოლაში ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერულად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

"მათ, ვინც ჰიდროქსიქლოროქვინის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ალტერნატივებს არ გვთავაზობს, მინდა ვუთხრა, რომ პრეპარატს ვიღებ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ". - დაწერა მან Twitter-ზე.

ბოლსონარო ვირუსს უბრალო გრიპს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკის გახსნას მოითხოვს. ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო ჯანდაცვის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

პარალელურად, ბოლსონაროს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო მისი მომხრეები უზენაესი სასამართლოს დახურვის მოთხოვით აქციებს მართავენ და მათ თავად პრეზიდენტიც უერთდება. აქციებზე არ არის დაცული სოციალური დისტანცია და მომიტინგეთა ნაწილი, მათ შორის, თავად პრეზიდენტიც პირბადეს არ ატარებს.

ამის გამო ფედერალურმა სასამართლომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება უბრძანა.

ბრაზილია ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით ვირუსი სულ 1 716 196 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 68 055.

კომენტარები