გიორგი შაქარაშვილის საქმე

ლურსმანაშვილი: შავ და თეთრ ტანსაცმელში სხვადასხვაა ადამიანი, თეთრპერანგიანი მე ვარ

ლაშა ლურსამანაშვილი, რომელსაც შსს-ში გვიან ღამემდე კითხავდნენ, ამბობს, რომ 19 ივნისის ღამეს, როდესაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა, დიდუბის ტერიტორიაზე თეთრი მიკროავტობუსიდან ის გადმოვიდა. მთავართან ინტერვიუში ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა. 

"ღამის 12 საათისთვის ჩემს პირად საქმეზე წავედი. ორის ნახევარზე, დაახლოებით, ორის ოც წუთზე ვიყავი დიდუბეში. ჩამოვედი მიკროავტობუსიდან, რომელმაც წამიყვანა და სადღაც 10 მეტრის რადიუსში მოდის პიროვნება, რომელიც მთხოვს დასარეკს. არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის, ჩვეულებრივი პატარა ბიჭი. დასარეკი არ მქონდა, არ დავარეკინე და მანდ გადაიკვეთა ჩვენი გზა. მეტი არაფერი არ მომხდარა, არ ყოფილა. დაახლოებით 10 წამი ვესაუბრე, მეტი არა. მე მივდივარ, კადრში კარგად ჩანს, რომ ის მომყვება, მაგრამ ჩვენ შორის საუბარი არ ყოფილა.

ტელევიზიის სახით ვიცი, რომ ეს ამბავია მომხდარი, სხვა არაფერი. მე ვარ ის თეთრპერანგიანი. მე ვადასტურებ, რომ მე ვარ, ჩემ თავს ვცნობ, რომ მე ვარ ის თეთრპერპერანგიანი", - ამბობს ის.

ჟურნალისტმა ლურსმანაშვილს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ის ტანსაცმელი, რომელიც კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რაზეც მან უპასუხა, რომ "ის ტანსაცმელი სამინისტროშია. გამოძიებას სჭირდება და აქვს."  

"შავ ტანსაცმელში და თეთრ ტანსაცმელში სხვადასხვაა ადამიანი, მაგრამ მე ვარ-მეთქი, ვადასტურებ", - ამბობს ლურსმანაშვილი. 

მედიაში გავრცელებული კადრებით, 19 ივნისს, გამთენიისას, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი თეთრი სატვირთო მიკროავტობუსიდან გადმოდის და გიორგი შაქარაშვილის მეგობარს და საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ ხვდება, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს. 

ლაშა ლურსმანაშვილი გამოკითხვის შემდეგ და 19 ივნისის ღამეს დიდუბის ტერიტორიაზე აღბეჭდილი კადრი

მანამდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა – ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ერთ-ერთი ბრალდებული ნ. ჟ. პროკურატურის ცნობით, სწორედ ის იყო შეირაღებული რკინის ხელკეტით.

კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. 

ქუჩის ავტორიტეტზე, ავთანდილ ბილანიშვილზე, იგივე კაწროზე, შსს-ს ამ დრომდე არაფერი უთქვამს. უწყებისგან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "კაწრო" მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოკითხეს.

აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს, 17:19 საათზე, იმ დროს, როცა შსს-ში "კაწროს" გამოკითხვა მიმდინარეობდა, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის "ავტორიტეტი" ავთანდილ ბილანიშვილია. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანიშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

კომენტარები