მანქანის ნომრები

მანქანის ძველი ნომრის შეცვლა 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა

GETTY

სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს შეუძლია, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი შეცვალოს ახლით მომავალი წლის მარტის ბოლომდე.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

"მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, "სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები