ჰონგ-კონგი

ავსტრალია ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმებას წყვეტს, ჰონგ-კონგელებს ვიზებს უგრძელებს

სკოტ მორისონი
The Daily Mail

9 ივლისს ავსტრალიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამასთან ერთად, კანბერა ზომებს მიიღებს, იმისათვის, რომ ჰონგ-კონგიდან ადამიანები, ბიზნესები მოიზიდოს.

ეს გადაწყვეტილება ავსტრალიამ მას შემდეგ მიიღო, რაც პეკინმა ჰონგ-კონგში ახალი ეროვნული უშიშროების კანონები აამოქმედა, რითაც ქალაქს კუთვნილი ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. 

"იქნებიან ჰონგ-კონგელები, რომლებმაც, შესაძლოა, წასასვლელად სხვა ადგილი მოძებნონ, რათა სხვაგან ახალი ცხოვრება დაიწყონ, უნარები აითვისონ, ბიზნესი [განავითარონ]," - თქვა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა

მორისონმა თქვა, რომ ავსტრალიაში მყოფ ჰონგ-კონგელ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ავსტრალიაში მომუშავე ჰონგ-კონგელებს დამატებით ხუთი წლით ექნებათ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის შესაძლებლობა, ამის შემდეგ  ბინადრობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

მორისონმა ხუთწლიანი სტუდენტური ვიზის შეთავაზებაც დააანონსა, თუმცა ამჟამად ავსტრალია ჰონგ-კონგიდან აპლიკაციების დიდ რაოდენობას არ ელის. 

ამჟამად ავსტრალიაში დაახლოებით 10 000 ჰონგ-კონგელი იმყოფება სტუდენტური ან სამუშაო ვიზით. 

აღსანიშნავია, რომ 1989 წელს პეკინში პროდემკრატიული აქციის დარბევის, თიენანმენის ჟლეტის შემდეგ კანბერამ ავსტრალიაში მყოფ 42 000 ჩინელ სტუდენტს თავშესაფარი შესთავაზა. 

სკოტ მორისონის თქმით, თუ იქნებიან ბიზნესმენები, რომლებსაც ავსტრალიაში გადასვლა, ინვესტიციის შეტანა შესაძლებლობების შექმნა მოუნდებათ, ავსტრალიის მთავრობა ძალიან აქტიურად წაახალისებს ამას. 

ამასთან ერთად ჰონგ-კონგელებს შესაძლებლობა ექნებათ, განცხადება შეიტანონ ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა ვიზის პროგრამაზე. 

ავსტრალიის გარდა, ახალმა ზელანდიამაც გამოაცხადა, რომ უშიშროების ახალი კანონებს გამო ჰონგ-კონგთან ურთიერთობას გადახედავს.

ჰონგ-კონგში დაახლოებით 100 000 ავსტრალიელი ცხოვრობს და მუშაობს. უშიშროების ახალი კანონების მიღების შემდეგ ავსტრალია  მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ, თუკი ახალი კანონები მათ აშფოთებთ, შეუძლიათ ჰოგ-კონგში დარჩენის საჭიროებას გადახედონ. 

ავსტრალიამ გამოსცა გაფრთხილება, რომ შესაძლოა, მოქალაქეები  ახალი კანონების მიხედვით დაკავების გაზრდილი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმოში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ. 

გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფორნზე ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა 23%-ით შემცირდა.

4 ივლისს ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის ხელშეკრულების შეწყვეტა კანადამაც დააანონსა

უშიშროების ახალი კანონის პასუხად დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგელებს ცხოვრების უფლების, შემდეგ კი მოქალაქეობის მიღების გამარტივებას დაჰპირდა.

პირველ ივლისს, მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგის ახალი კანონები ამოქმედდა, ტაივანში გაიხსნა ორგანიზაცია, რომელიც ჰონგ-კონგიდან წამოსულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევს, მათ შორის, დასაქმების და მოქალაქეობის მიღების მხრივ.

აშშ-ს უკვე დაწყებული აქვს ჰონგ-კონგისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმების პროცესი. აშშ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგის გამო სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ასევე, 2 ივლისს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგში უშიშროების კანონის მიღების გამო ახალი სანქციების დაწესებას.

ჰონგ-კონგის ახალი კანონებით, სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინონ, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში გახსნის უშიშროების ოფისს, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. ჰონგ-კონგის მმართველი შეძლებს, ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე დანიშნოს მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

კანონის 38-ე მუხლის მიხედვით დამრღვევად შეიძლება ჩაითვალოს ის პირიც, რომელიც ჰონგ-კონგში არ იმყოფება და მოქალაქე არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონების საფუძველზე, შესაძლოა, უცხოეთის მოქალაქეებიც დააკავონ.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

8 ივლისს ჰონგ-კონგში ჩინეთმა ეროვნული უშიშროების ახალი ოფისი გახსნა. აღსანიშნავია, რომ უშიშროების ახალი კანონის საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები ეზრდება.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – ერთი ქვეყანა -ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები