გიორგი შაქარაშვილის საქმე

შსს: ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, მეტალის დამუშავებისას შემთხვევით დაიწვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო "მორიგ სიცრუესა" და "მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ადგილი, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ხელოვნურად გადაწვეს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს ცეცხლი მოეკიდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

გიორგი შაქარაშვილი თავდასხმამდე სწორედ გურამ ამირხანაშვილთან და სხვა მეგობრებთან ერთად იყო. თავდამსხმელების გამოჩენის შემდეგ კი შაქარაშვილი და ამირხანაშვილი ერთი მიმართულებით გაიქცნენ. ამირხანაშვილმა ერთ-ერთ შენობას შეაფარა თავი. დაიწვა სწორედ ამ შენობის მიმდებარე ტერიტორია. 

კომენტარები