თორნიკე შენგელია

კალათბურთის ფედერაცია შენგელიაზე: მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს

თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ამ დრომდე მხოლოდ ინფორმაციული სახის განცხადებით გამოეხმაურა ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ შენგელია რუსეთის არმიის კლუბის რიგებს შეუერთდა, ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ კალათბურთელს ბასკონიასთან 2022 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა "მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს".

"შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახან, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში." - წერია განცხადებაში.

ტაბულა დამატებითი კომენტარისთვის კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ არ იციან, გააკეთებენ თუ არა კომენტარს და მოგვიანებით შეგვატყობინებენ.

დღეს, 9 ივლისს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შენგელიას თქმით, ის რუსულ კლუბში გადასვლით გახარებულია.

კომენტარები