საქართველოს საპარტრიარქო

საპატრიარქო: ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება

აია-სოფიას ტაძარი
GETTY IMAGES

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აია-სოფიას მეჩეთად შესაძლო გადაკეთების საკითხს ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავ ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა, როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება. 

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.

იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის."

2 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესაძლებლობაზე იმსჯელა, კონკრეტულად კი იმაზე, კანონიერი იყო თუ არა მისი მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება. განხილვა 17 წუთს გაგრძელდა და გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადაიდო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირველ ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთს მოუწოდა, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები