გიორგი შაქარაშვილის საქმე

ადვოკატი: ავთანდილ ბილანიშვილი ოპოზიციის ბოლშევიკური სქემის მსხვერპლია

ადვოკატ თამარ აბესაძის შეფასებით, "ავთანდილ ბილანიშვილი ოპოზიციის ბოლშევიკური სქემის მსხვერპლია". ადვოკატმა რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ "უნდათ, დაიწყონ ბილანიშვილით, იმიტომ, რომ შემდეგში, საარჩევნოდ ჰქონდეთ სალაპარაკო, რომ ბერა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები აბსოლუტურად ჩამოაცილონ". მისი აზრით, "ოპოზიციის ამ გეგმამ არ გაამართლა, მაგრამ ველოდებით კიდევ რაღაც მსგავს დარტყმას, პროვოცირებულს, რომ კიდევ რაღაცაში გამოიყენონ მისი პიროვნება ოპოზიციის საარჩევნოდ ბრძოლის მეთოდთან დაკავშირებით".

ადვოკატის მტკიცებით, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ 19 ივნისის ღამეს საკუთარ სახლში, ოჯახთან, ცოლ-შვილთან, დედასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, თამარ აბესაძე ამბობს, რომ შსს-ში "შემთხვევით" გაიგო იმის შესახებ, რომ "თეთრპერანგიანი კაცი" უკვე იდენტიფიცირებული ჰყავდათ სამართალდამცველებს.

"ექვსი საათის განმავლობაში ვიყავი შსს-ში და გინდა, არ გინდა, ყურს მოკრავ. [გამომძიებლებს არ უთქვამთ], უბრალოდ, შემთხვევით გავიგე" - ამბობს ადვოკატი.

კადრებში, რომელიც 19 ივნისის სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ, მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. 

8 ივლისს, 17:19 საათზე, იმ დროს, როცა შსს-ში "მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე" ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის "ავტორიტეტი"კაწროა. ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა. 

"დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი - თბილისის მიმართულებით" - აცხადებს შსს.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

ქუჩის ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იმავე "კაწროს" მტკიცებით კი, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არც დაკავებულებს და არც დაზარალებულებს არ იცნობს და "რაღაცას მტენიან".

კომენტარები