უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის 2.9 მილიარდი დოლარი გაიღო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის 2.9 მილიარდი დოლარი გაიღო. საუბარია ბაფეტის კუთვნილი საინვესტიციო ფონდის Berkshire Hathaway-ს 2.9 მილიარდი დოლარის აქციებზე, რომელიც ბაფეტმა 5 საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა. 

2006 წლიდან დღემდე ეს ბაფეტის მხრიდან საქველმოქმედო მიზნებისთვის განხორციებული მეთორმეტე შემოწირულობაა. ამ დროის განმავლობაში ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის 37 მილიარდი დოლარი გაიღო. კალკულაცია აქციების იმდროინდელ ღირებულებას ეფუძნება, როდესაც ოპერაცია განხორციელდა. 

ამ დროისთვის ბაფეტის პირადი ქონება 67 მილიარდ დოლარს უტოლდება. ბაფეტის შემოწირულობის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარი ამჯერადაც ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდია. გეიტსი და ბაფეტი დიდი ხნის მეგობრები არიან და ორივე მათგანი საკუთარი ქონებას თითქმის სრული მოცულობით საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაცემას გეგმავს.

ერთ-ერთი ვერსიით, ბაფეტი საქველმოქმედო საქმიანობით საგადასახადო შეღავათების მიღების მიზნით არის დაკავებული, თუმცა გასულ წელს თემის კომენტირებისას ბაფეტმა განაცხადა, რომ ქველმოქმედებისთვის გაღებული ყოველი 1 000 დოლარიდან შეღავათი მხოლოდ 43 ცენტს უტოლდება. 

2016 წელს საპრეზინდეტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმავე შინაარსის განცხადება გაისმა დონალდ ტრამპისგანაც, თუმცა მალევე ბაფეტმა გაასაჯაროვა თავისი საგასახადო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2016 წელს მან გადასახადის სახით 1.8 მილიონი გადაიხადა. 

კომპანიის თანამშრომლებისადმი გაგზავნილ ბოლო წერილში ბაფეტმა აღნიშნა, რომ 2019 წელს კომპანიამ გადასახადების სახით 3.6 მილიარდი დოლარი გადაიხადა, რაც ჯამურად კორპორაციული გადასახადების 1.5%-ს უტოლდება. 

უორენ ბაფეტი ამბობს, რომ პირადი ქონება მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება და პროცესი მისი გარდაცვალებიდან 12 წლის შუალედში დასრულდება.

კომენტარები