შავი ჭირი

როგორ იყენებდნენ კარანტინს და სოციალურ დისტანციას შუა საუკუნეებში შავი ჭირის წინააღმდეგ

0 კომენტარი

თითქმის 700 წლის წინ შუა საუკუნეების იტალიაში გადაღლილი და დათრგუნული ექიმები შავ ჭირს ებრძოდნენ, ისე, რომ ვირუსების და ბაქტერიების შესახებ არანაირი ცოდნა არ ჰქონდათ. თუმცა, მათ კარგად ესმოდათ „შავი სიკვდილის“ საფრთხე და ზომები უნდა მიეღოთ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ.

1348 წელს, ვენეციასა და მილანში ჭირის გამოჩენიდან მალევე, ქალაქების მმართველებმა დაიწყეს ჯანდაცვის საგანგებო ზომების მიღება. შეიძლება ითქვას, რომ ამან ჩაუყარა საფუძველი სოციალური დისტანცირებისა და ზედაპირების დეზინფექციის ჩვენს თანამედროვე პრაქტიკას.

“მათ იცოდნენ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ სავაჭრო საქონელთან, რადგანაც დაავადება შეიძლება ნივთების ზედაპირიდან გავრცელებულიყო. იცოდნენ, რომ ყველაფერი უნდა ეღონათ ადამიანებს შორის კონტაქტის შესამცირებლად“, - მოგვითხრობს ჯეინ სტივენს კრავშოუ, ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტის ევროპის ადრეული თანამედროვე ისტორიის ასოცირებული პროფესორი.

პირველი კარანტინი

ადრიატიკის ზღვის საპორტო ქალაქი რაგუსა (თანამედროვე დუბროვნიკი) პირველი იყო იმ ქალაქებს შორის, სადაც ინფექციის აღმოსაჩენად ამოქმედდა კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც ყოველ შემომსვლელ გემსა და სავაჭრო ქარავანზე ვრცელდებოდა სავალდებულო კარანტინი.

ბრძანებაში, რომელიც სასწაულებრივადაა გადარჩენილი დუბროვნიკის არქივებში, ვკითხულობთ, რომ 1377 წლის 27 ივლისს ქალაქის მთავარმა საბჭომ შემოიღო კანონი - “ისინი, ვინც ჭირის გავრცელების რეგიონებიდან მოდის, არ დაიშვებიან რაგუსაში, თუ დეზინფექციის მიზნით ერთ თვეს არ გაატარებენ კუნძულ მრკანზე ან ქალაქ კავატში“.

მრკანი იყო დაუსახლებელი კლდოვანი კუნძული ქალაქის სამხრეთით, კავატი კი რაგუსამდე მიმავალი საქარავნო გზის ბოლოში მდებარე ქალაქი, - წერის ზლატა ბლაზინა ტომიკი წიგნში „ჭირის გაძევება: ჯანდაცვის ოფისი და კარანტინის იმპლემენტაცია დუბროვნიკში 1337-1533 წწ“.

ტომიკი ამობს, რომ მედიცინის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი ედიქტს რაგუსას კარანტინის შესახებ შუა საუკუნეების მედიცინის უდიდეს მიღწევად მიიჩნევს. ჯანმრთელი მეზღვაურების და ვაჭრების 30 დღით იზოლირების ბრძანების გაცემით ქალაქის მმართველებმა აჩვენეს, რომ მშვენივრად იცოდნენ დაავადების საინკუბაციო პერიოდის შესახებ. ახალჩამოსულებს, შესაძლოა, შავი ჭირის სიმპტომები არ ჰქონოდათ, მაგრამ კარანტინში მათ უნდა გაეტარებინათ საკმარისი დრო იმის დასადგენად, მართლა ჯანმრთელები იყვნენ თუ არა.

ორმოცდღიანი Quarantino-ს მნიშვნელობა

1377 წელს დაწესებული კარანტინის 30-დღიანი პერიოდი იტალიურად ცნობილი იყო, როგორც trentino. ჯეინ სტივენს კრავშოუ ამბობს, რომ ექიმებს შეეძლოთ უფრო ხანგრძლივი ან ხანმოკლე იზოლაციის დაკისრებაც. ინგლისური სიტყვა „quarantine“ მომდინარეობს იტალიურიდან და ნიშნავს 40-დღიან პერიოდს.

რატომ - 40 დღე? შესაძლოა, მედიკოსებმა 40-დღიანი კარანტინი შუა საუკენეების ქრისტიანებისთვის ამ რიცხვის დიდი სიმბოლური და რელიგიური მნიშვნელობის გამო დააწესეს. წარღვნის წინ 40 დღე და 40 ღამე წვიმდა, უდაბნოში იესო ქრისტემ 40 დღეს იმარხულა.

ჯეინ სტივენ კრავშოუ ამბობს, რომ ბიბლიური წარმოდგენა 40-დღიანი განმწმენდი ძალის შესახებ შავ ჭირამდეც იყო მედიცინის სფეროში დამკვიდრებული. მაგალითად, მშობიარობის შემდეგ, დედას ლოგინობის პერიოდი 40 დღეს უგრძელდებოდა.

მუშაობდა თუ არა კარანტინის კანონი?

მიუხედავად კარანტინის კანონის არსებობისა, 1391 და 1397 წლებში რაგუსაში ძლიერად იფეთქა შავმა ჭირმა. რაგუსა საპორტო ქალაქი იყო, რომელიც ვაჭრობით სულდგმულობდა, დაავადებისგან თავდასაცავად ქალაქი ეკონომიკას ვერ გაწირავდა მთლიანად ვერ ჩაიკეტებოდა.

სტივენ კრავშოუს აზრით, მართალია, კარანტინმა რაგუსელები ბოლომდე ვერ დაიცვა დაავადების გავრცელებისგან, მაგრამ კანონები სხვა მიზანსაც ემსახურებოდა - წესრიგის შეგრძნების აღდგენას.

„ნებისმიერი ეპიდემიის დროს საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს კრიზისის, საყოველთაო პანიკის ან გულგრილობის საფრთხე, რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს, - ამბობს ჯეინ სტივენს კრავშოუ, - საზოგადოებაში ძალიან ბევრი ემოციაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა და სათანადოდ გამკლავება სჭირდება. ეს კი 600 წლის წინაც, ისევე როგორც დღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილი იყო“.

რაგუსაშივე აშენდა შავი ჭირის პირველი საავადმყოფო

შავი ჭირი მე-17 საუკუნემდე პერიოდულად აოხრებდა ევროპის კონტინენტს. დაავადებასთან ბრძოლაში კარანტინი ერთადერთი იარაღი არ ყოფილა. რაგუსა იყო პირველი ქალაქი, რომელმაც კუნძულ მლჯეტზე შავი ჭირის დროებითი საავადმყოფო მოაწყო. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ამგვარი საამკურნალო დაწესებულებები მოგვიანებით ევროპაში ლაზარეთის (იტალ. lazaretto) სახელით გახდა ცნობილი.

ჯეინ სტივენს კრავშოუ, რომელმაც დაწერა წიგნი შავი ჭირის საავადმყოფოების შესახებ, ამბობს, რომ სახელი lazaretto სიტყვა Nazaretto-დან მომდინარეობს. Nazaretto-ს ეძახდნენ კუნძულს, სადაც ვენეციამ ააშენა შავი ჭირის თავისი პირველი მუდმივი საავადმყოფო, სანტა-მარია დი ნაზარეთი.

ლაზარეთს ორი ფუნქცია ჰქონდა: ეს იყო სამკურნალო სამედიცინო ცენტრი და, ამავე დროს, საკარანტინო დაწესებულება. ლაზარეთი საშულებას იძლეოდა, მზრუნველობით მოევლოთ ავადმყოფებისთვის და თანაც ისინი ჯანმრთელი მოსახლეობისგან იზოლირებულად ჰყოლოდათ. ლაზარეთში შავით ჭირით დაავადებულები საკვებს, სუფთა თეთრეულს და მკურნალობას იღებდნენ. ხარჯებს მთლიანად ხელისუფლება ანაზღაურებდა.

„ლაზარეთები ადრეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურისთვის გასაოცარი დაწესებულებებია, რომლებშიც მთავრობას მუდმივად უნდა ჩაედო დიდი ინვესტიცია, - ამბობს ჯეინ სტივენს კრავშოუ, - იმის მიუხედავად, იყო თუ არა შავი ჭირი ვენეციაში, ეს საავადმყოფოები მუდმივ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო ინფექციური დაავადებების პოტენციურად გადამტანი გემების მისაღებად“.

წყარო: History.com

ავტორი: დეივ როსი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები