აშშ

აშშ-ს სასამართლო: მანჰეტენის პროკურორს ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის ნახვა შეუძლია

disrn

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მანჰეტენის პროკურორს შეუძლია პრეზიდენტ ტრამპის პირადი ფინანსური ჩანაწერების მოპოვება.

გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან ტრამპის საბუღალტრო ფირმის Mazars LLP ფინანსური ჩანაწერების გაზიარების მოთხოვნის საქმე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი გამოძიებით ნაფიც მსაჯულთა დიდ ჟიურის გადასცენ.

სასამართლომ იუსტიციის დეპარტამენტის არგუმენტი უარყო, რომ პროკურორებმა ჩანაწერების მისაღებად მაღალი საჭროება უნდა აჩვენონ.

მანჰეტენის დემოკრატი პროკურორი საირუს ვენსი ტრამპის დოკუმენტებს ითხოვს, რათა დაადგინოს მისი ფინანსური ჩანაწერები შეიცავს თუ არა ინფორმაციას 2016 წელს არჩევნების წინ ორი ქალისთვის სავარაუდოდ გადახდილ თანხაზე, რომლებიც ამბობენ, რომ წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდათ.

დონალდ ტრამპს თავისი პირადი და ბიზნესფინანსების გასაჯაროება არ სურს. ტრამპის ადვოკატები ამბობენ, რომ მანამდე, სანამ მას პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, იგი იმუნიტეტით ისარგებლებს. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივ გამოძიებაზე სრული იმუნიტეტი არა აქვს.

"ორასი წლის წინ ჩვენი სასამართლოს დიდებულმა იურისტმა დაადგინა, რომ არცერთი მოქალაქე არ დგას საერთო მოვალეობაზე მაღლა, და მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, როდესაც მას სისხლის სამართლის პროცესზე გამოიძახებენ. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ პრინციპს," - წერს მთავარი მოსამართლე, ჯონ რობერტსი.

ტრამპი რიჩარდ ნიქსონის შემდეგ აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელსაც საგადასახადო დეკლარაცია საჯაროდ არ გამოუქვეყნებია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის არგუმენტები უზენაესმა სასამართლომ უარყო, საქმის განხილვა, შესაძლოა, კვირები ან თვეები გაგრძელდეს, რადგან ტრამპს ახლა შეეძლება სხვა იურიდიული არგუმენტების წამოყენება, რომ ჩანაწერები იურიდიულად პრივილეგირებულია.

"უზენაესმა სასამართლომ საქმე ქვედა ინსტანციის სასამართლოს გაუგზავნა. არგუმენტები გაგრძელდება. ეს პოლიტიკური დევნაა. მე მოვუგე კუდიანებზე მონადირე მალერსა და სხვებს და მე ახლა პოლიტიკურად კორუმპირებულ ნიუ-იორკში უნდა გავაგრძელო ბრძოლა. ეს არ არის სამართლიანი ამ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისთვის!" - წერს ტრამპი.

თუ ქვედა ინსტანციის სასამართლო უარყოფით განჩინებას გამოიტანს ნოემბრამდე, ტრამპის ადვოკატებმა, შესაძლოა, ამ პროცესის გაყინვა მოითხოვონ, რითაც პროცესი გახანგრძლივდება.

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონგრესის ანალოგიური მოთხოვნა. 

ეს გადაწყვეტილება სასამართლო პროცესების მეტ გადადებას მოასწავებს და შესაძლოა, ტრამპმა ნოემბრის არჩევნებამდეც არ გაუზიაროს პროკურორებსა და კონგრესის კომიტეტებს თავისი საგადასახადო დეკლარაცია და ფინანსური ჩანაწერები. 

მოსამართლეებმა თქვეს, რომ კონგრესმა გამოიყენა მისი ძალაუფლების გადამეტებული ინტერპრეტაცია. მოსამართლეთა უმეტესმა ნაწილმა თქვა, რომ სასამართლოებმა არ გააკეთეს საკმარისი იმისათვის, რომ შეემოწმებინათ დემოკრატი დეპუტატების მოთხოვნები, რომ მათ ეს ჩანაწერები სჭირდებოდათ როგორც გამოძიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა კანონების გაძლიერებას სხვადასხვა პრობლემის წინააღმდეგ, ფულის გათეთრების, ინტერესთა კონფლიქტის, აშშ-ს არჩევნებში საგარეო გავლენის ჩათვლით.

კონგრესის კომიტეტებზე მთავარმა მოსამართლემ თქვა, რომ მოსამართლეები ამას გაწონასწორებულად უნდა მიუდგნენ, ყურადღებით შეისწავლონ კონგრესის ინფორმაციის მიღების საჭიროება.

რესპუბლიკელმა მოსამართლემ კლარენს თომასმა თქვა, რომ იმპიჩმენტის ბრძოლის კონტექსტს გარეთ კონგრესს არ აქვს პირადი ჩანაწერების გამოქვეყნების უფლებამოსილება.

კომენტარები