ბათუმსა და ქობულეთში მაშველებმა, აკრძალვის მიუხედავად, წყალში შესული 8 ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, აკრძალვის მიუხედავად, ზღვაში შესული რვა ადამიანი გადაარჩინეს.

უწყების ცნობით, მაშველებმა ყოველი მათგანი უვნებლად გამოიყვანეს ნაპირზე და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

დღეს, 9 ივლისს, მთელ სანაპიროზე დღის განმავლობაში 2-4-ბალიანი შტორმი იყო და, შესაბამისად, აღმართული იყო წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში". – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები