ავღანეთში 28 ქართველ ჯარისკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედროს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროსვე ინფორმაციით, ჯარისკაცები სპეციალური რეისით საქართველოში დაბრუნდნენ.
"მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან". – წერია განცხადებაში.
როგორც თავდაცვის სამინისტრო წერს, ინფიცირების წყარო ადგილობრივი ავღანელი პერსონალია. უწყების ცნობით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადება გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს.
"საქართველოში ჩამოფრენამდე სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატო-ს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და, შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრება". – წერს თავდაცვის სამინისტრო.
უწყების განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ. სხვა სამხედრო მოსამსახურეები კი, ვისაც ახალი კორონავირუსი არ დადასტურებია, ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.