კრიმინალი

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციისთვის კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ქობულეთში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი იყო და კუთვნილ საამქროში "თვისობრიობაშეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს აწარმოებდა".

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომპანიის ხელმძღვანელს ბრალად ედება სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ფალსიფიკაცია, მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

კომენტარები