აშშ-საქართველო

გახარია აშშ-ზე: ჩვენი ვაიპოლიტიკოსები პარტნიორების შიდადაპირისპირებაში ჩათრევას ცდილობენ

"არ გადამრიოთ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირებას ეხებოდა. ჟურნალისტმა პრემიერს უთხრა, რომ აშშ-საქართველოს მეგობრობის მანძილზე პირველი სანქციაა, რომელიც საქართველოს ემუქრება, სწორედ ამ რეპლიკაზე ჰქონდა გახარიას ეს რეაქცია.

"ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა ჯერჯერობით, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს. ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის შიდაპოლიტიკური მაღალი ტემპერატურა, წინასაარჩევნო, სამწუხაროდ, ეს ჩვენი შიდაპოლიტიკური დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის.

მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდეგ პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძაან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ და თქვენ თვითონ ნახავთ.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, თითოეული მათი მხრიდან ნათქვამი, გამოხატული საკითხი ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან მიმართებითაც. პროცესია ეს, სამწუხაროდ, ამ პროცესში ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული ამ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში.

ეს არის ცუდი, იმიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას ვნებს.

ამიტომ ახლა ყველა უნდა დავმშვიდდეთ, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ მმართველი პარტია. ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა" - თქვა პრემიერმა.

კითხვაზე, რომ აშშ-ს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შემცირებაზე შევარდნაძის მმართველობის შემდეგ არ უმსჯელია, გიორგი გახარია პასუხობს:

"ქართული ოცნებისთვის სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის მხრიდან, იგივე საკანონმდებლო ინიციატიავში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება.

ეს ყველაფერი ხდება, ასეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რაც ხდება. ეს არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია.

ჩათვალეთ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არაა, რომ ამ საკანონმდებლო ინიციტივბაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე.

ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ - არც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება" - თქვა გიორგი გახარიამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა 9 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტი 2021 წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების შესახებ. ამ კანონპროექტით ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა საერთაშორისო პროგრამები.

სწორედ ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რომ, შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

როგორც დოკუმენტისთვის თანდართული შესწორებით ირკვევა, აშშ-ს "სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით".

შემდგომში სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება, მოაკლებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს.

კომენტარები