სპეციალური მმართველი მედიაში

NGO-ები სპეცმმართველებზე: ქმნის შესაძლებლობას, მთავრობამ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მედიებს, შესაძლოა, დროებითი სპეციალური მმართველი დაენიშნოთ, ქმნის შესაძლებლობას, რომ მთავრობამ, მარეგულირებელი კომისიის საშუალებით, მომავალში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.

"საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი კანონის პროექტი. ერთ არის ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, მეორე არის მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. ორივე კანონპროექტი მომზადდა ერთდროულად, ყოველგვარი ექსპერტული ჩარევისა და მონაწილეობის გარეშე - ეს არის ნაჩქარევად მომზადებული კანონპროექტები, რომელიც არსებითად აუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. 

შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის კანონპროექტები, რომელიც მარეგულირებელ კომისიას აძლევს საშუალებას, გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლებისა და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების საქმიანობაში", - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ბრიფინგზე. 

მათი თქმით, მარეგულირებელი კომისია ხშირად ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არ ეხება მედიას, თუმცა, NGO-ების ინფორმაციით, ეს ტყულია. მათივე თქმით, საქართველოში არის არაერთი სუბიექტი, რომელიც ექცევა როგორც ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში, ასევე მაუწყებლობის კანონმდებლობის რეგულირების სფეროში. 

"ნიშნადობლივია ის გარემოება, რომ პრაქტიკულად, მას უაპელაციოდ ექნება საშუალება, დანიშნოს მმართველები. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავრცელდა თავად ამ სფეროში დასაქმებული სუბიექტების მხირდან - ისინი თვლიან, რომ ეს არის ჩარევა საკუთრების უფლებაში და ეს აღარ არის მხოლოდ მედიის და მედიის მხარდამჭერების მხრიდან გაკეთებული განცხადება. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად მარეგულირებელი კომისია და, დიდი ალბათობით, მთავრობა მარეგულირებელი კომისიის საშუალებით ითავისუფლებს სივრცეს და ქმნის შესაძლებლობას იმისთვის, რომ მომავალში საჭიროების მიხედვით, შეძლონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა", - თქვა სალაძემ. 

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტების მხარი არ დაუჭირონ, რადგან, "ამ კანონპროექტების მხარდაჭერა არ ნიშნავს ცალკე აღებული მედიის ან ელექტრონულ კომუნიკაციებში არსებული კომპანიების შეზღუდვას, ეს ნიშნავს მთლიანად ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ეჭვის ქვეშ დაყენებას."

მათივე თქმით, კანონპროექტებში არის გაუაზრებელი, ზედაპირული ჩანაწერები. NGO-ების შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტი იქნება, თუ რა მოიაზრება ამ ჩანაწერებში. 

"იქნება ინდივიდუალურად იმ მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტი, რომლის პოლიტიკური დამოუკიდებულება დიდი გამოწვევაა ამ ქვეყანაში და, რეალურად, ჩვენ ვხედავთ არაერთ გადაწყვეტილებას როგორც ბოლო წლებში, ასევე ბოლო პერიოდში, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს", - თქვა სალაძემ. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს ცვლილებებს როგორც მაუწყებლობის შესახებ, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას, შესაძლოა, მიეცეს უფლება, მედიებში დანიშნოს სპეციალური, დროებითი მმართველი 2 წლამდე ვადით. 

იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ტაბულამ მოიპოვა, ჩანს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით, ან კანონის ფართო განმარტების გზით. საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათი მიუთითებს ინიციატორთა განზრახვაზე, რომ ამ ცვლილებებით შექმნან კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო ეფექტიანი ერთიანი მექანიზმი. 

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მედიის მხრიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები