ტურიზმი

ცქიტიშვილი: პოლონეთი მზადაა, საზღვარი გაგვიხსნას, მაგრამ მაღალი ავადობა აქვთ და ვფრთხილობთ

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას" - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პოლონეთთან დაკავშირებით თქვა, რომლისთვისაც, საქართველოს საზღვარი არ გაუხსნია. მისი განცხადებით, პოლონეთი მზად იყო საზღვრების უპირობოდ გახსნისთვის, მაგრამ "ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ".

"რაც შეეხება კონკრეტულად პოლონეთს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები.

შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. პოლონეთს დღეს საზღვრები გახსნილი აქვს უკრაინასთან, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება, 500-1000 შემთხვევაზე მეტი. პოლონეთში, სამწუხაროდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია.

პოლონეთი კი არის მზად რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

9 ივლისს, პოლონელმა დეპუტატმა, მალგოჟატა მარია გოშიევსკამ საქართველოს მთავრობა პოლონეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების უპირობოდ არგახსნის გამო გააკრიტიკა. როგორც სეიმის წევრი წერს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2019 წელს საქართველოს ესტუმრა 88 300 პოლონელი ტურისტი. დეპუტატი ამ რიცხვებს გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მონაცემებს ადარებს - იმ ხუთი ქვეყნისას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. 

"რას ნიშნავს ეს პოლონეთისთვის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განვითარების ყველა სფეროს? საქართველოს ხელისუფლების განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიის, საფრანგეთისა და ბალტიის ქვეყნების ავიაკომპანიებთან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. 

რადგან ყოველწლიურად არდადეგების პერიოდში უამრავი პოლონელი მიემგზავრება საქართველოში, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უშუალოდ ზიანს აყენებს პოლონურ ავიაკოპანია LOT-ს.

მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარია, მისი ახსნა ეპიდემიოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით არ არის მართებული, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად გერმანიაში 500-ით მეტია ვიდრე პოლონეთში (ინფიცირებულთა რიცხვი: გერმანია - 2 441 , პოლონეთი -1 914).

უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიის დროს პოლონეთმა საქართველო არ დატოვა დახმარების გარეშე და ივნისში, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვირუსთან საბრძოლველად პერსონალური დაცვის ეკიპირების სახით ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომელის ღირებულებაც 183 000 ზლოტს შეადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა, ვის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა?". – წერს დეპუტატი. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველო 14 ქვეყანასთან ერთად ახალი კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და წევრ სახელმწიფოებს მისცა რეკომენდაცია, ამ 15 ქვეყანასთან საზღვრები გაეხსნათ, სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ. 

პოლონეთს ამ დრომდე არ უთქვამს ოფიციალურად, შეუშვებს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე. თუმცა, 2 ივლისს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ პოლონეთი საქართველოსთვის საზღვრებს გახსნიდა. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის. ამ სიაში პოლონეთი ვერ მოხვდა. 

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ.

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ზემოთ ჩამოთვლილი ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები