თორნიკე შენგელია

"სადაც არ უნდა იყოს, პატრიოტად დარჩება" - ეროვნული ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

0 კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება. ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს. მათი თქმით, კალათბურთელი "სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის თავისი ქვეყნის პატრიოტად დარჩება". 

"გუშინ ძალიან ბევრი პრესის წარმომადგენელი გვაწუხებდა და უნდოდა, რომ თითოეული ჩვენგანისგან მიეღო განცხადება. გადავწყვიტეთ, ერთად გაგავეკეთებინა ეს განცხადება. 

პირველ რიგში, თოკოს ვულოცავთ ესპანეთის ჩემპიონობას, ამ დიდ წარმატებას, რასაც მან თავის კარიერაში მიაღწია. მინდა, რომ წარმატება ვუსურვოთ ახალგადადგმულ ნაბიჯში, ახალ გამოწვევებზე, რაც ცსკა-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებლი ვარ, რომ თოკო ძალიან წარმატებული იქნება და კიდევ უფრო ბევრჯერ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს საქართველს ნაკრებში და როგორც აქამდე იცავდა, ისევე ღირსეულად დაიცავს ქართველი ერის, ქართული ნაკრების ღირსებას და ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით მის გვერდით", - თქვა მანუჩარ მარკოიშვილმა. 

შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საზოგადოების ნაწილი კრიტიკით შეხვდა. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, შენგელიას გადაწყვეტილება "სამწუხაროა და მიუღებელი".

"მინდა, გავამახვილო ყურადღება იმ ნეგატიურ კომენტარებზე, რაც შეეხებოდა თორნიკეს ვითომდა არაპატრიოტულ ნაბიჯს, რაც, ვინც თორნიკეს იცნობთ, დამეთანხმებით, ძალიან შორს არის რეალობისგან. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რაოდენ პატრიოტია თორნიკე თავისი ქვეყნის, თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად შეუძლებელსაც აკეთებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, რომელი ქვეყნის გუნდში იქნება. 

მინდა, ყველას ვთხოვო, რომ თავი შევიკავოთ ისეთი კომენტარებისგან, რომელიც არის არაკორექტული, რადგან თორნიკეს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ მრავალ წარმატებას მოუტანს თავის ქვეყანას. სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის თავისი ქვეყნის პატრიოტად დარჩება და ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ", - თქვა ვიქტორ სანიკიძემ. 

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. შენგელიამ რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ ოფიციალურად გუშინ, 9 ივლისს გახდა ცნობილი. რუსულმა კლუბმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. "გელოდებით მოსკოვში". – წერია მოსკოვის ცსკა-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში. 

შენგელიას თქმით, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის. მისივე თქმით, მის ცკსა-ში გადასვლას ბევრი დადებითი კომენტარიც მოჰყვა. კრიტიკის საპასუხოდ კი ამბობს, რომ "ადამიანები, რომლებიც მიცნობენ და იციან ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ, ასი წელი არ გააკეთებს ამ კომენტარს."

შენგელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თორკინე შენგელია "იცავდა და დაიცავს სამშობლოსა და ნაკრების ღირსებას". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები