ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

დეპი VS ჰერდი: ალკოჰოლი, კოკაინი და ფეკალიები საწოლში

მსახიობების, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა კულმინაციას უახლოვდება.

მსახიობებმა ერთმანეთი The Rum Diary-ის გადასაღებ მოედანზე 2009 წელს გაიცნეს. წყვილი 2015 წელს დაქორწინდა, მათი ოჯახური ცხოვრება ერთ წელიწადში დასრულდა. ჰერდმა სასამართლოსგან შემაკავებელი ორდერი მოითხოვა, მსახიობის თქმით, დეპი არაფხიზელ მდგომარეობაში მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდა. რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ წყვილი ოფიციალურად განქორწინდა, სასამართლომ შემაკავებელი ორდერი არ გასცა, ყოფილი ცოლი ალიმენტის ნაცვლად ერთჯერად კომპენსაციას დათანხმდა, რომლის ოდენობაც $7 000 000-ს შეადგენდა. 

მიუხედავად სასამართლო დავის დასრულებისა, წყვილის გარშემო პრესაში მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა. ჰერდმა სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუებში დეპს არაერთხელ უწოდა მოძალადე. ბოლო წვეთი იყო ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის სტატია, რომელშიც გამოცემამ დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა ყოფილი ცოლისა და გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა.

ყვითელ პრესაში ისევ ამოტივტივდა ჰერდის ძველი ჩვენებები. დროთა განმავლობაში დეპს კარიერული პრობლემები შეექმნა, მისი მონაწილეობა ფანტასტიკური ცხოველების გაგრძელებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ყოფილი ცოლის მხარე არაერთმა უფლებადამცველმა დაიჭირა. 

სკანდალურ საქმეში გარდატეხა 2020 წელს გამოქვეყნებულმა აუდიოჩანაწერმა მოახდინა. ყოფილი ცოლ-ქმარი 46 წუთის განმავლობაში კამათობს, წყვილი სწორედ იმ ინციდენტს იხსენებს, რომელზეც ჰერდმა პრესასთან არაერთხელ ილაპარაკა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფრენისას ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დეპმა დაარტყა. ჩანაწერში ჩხუბის დეტალებს განიხილავენ, საიდანაც ირკვევა, რომ ფრენის დროს ჰერდმა ქმარს რამდენჯერმე სახეში გაარტყა, დეპმა ხელი ჰკრა თავდამსხმელს, თვითმფრინავის მეორე ბოლოში გაიქცა და ფრენის ბოლომდე ტუალეტში ჩაიკეტა. 

"მე გირტყამდი, ხელი არ მიკრავს... როგორც ყოველთვის მშიშარა აღმოჩნდი და ჩხუბს გაექეცი", – ამბობს აუდიოჩანაწერში ჰერდი.

მოგვიანებით მომჩივანის ადვოკატებმა ჰერდი ცრუ ჩვენების მიცემაში ამხილეს. ერთ-ერთ ჩვენებაში ყოფილი ცოლი ფიზიკური ძალადობის, რომლისგანაც მას სახეზე ჩალურჯებები დარჩა, ზუსტ თარიღს ასახელებს. იურისტების განცხადებით, არსებობს რამდენიმე დღის შემდეგ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჰერდს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. იმავე დღეს ჰერდი შეხვდა მსახიობ ჯეიმს ფრანკოს. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ფრანკო სასამართლოში მოწმის სტატუსით წარდგეს. საქმეში ჰერდის კიდევ ერთი საეჭვო ჩვენება ფიგურირებს. მსახიობის თქმით, 2015 წლის დეკემბერში, ჯეიმს კორდენის შოუში გამოჩენამდე, დეპი მას ფიზიკურად გაუსწორდა. მის სიტყვებს უარყოფს პირადი სტილისტი, რომელიც იმ პერიოდში ზრუნავდა ჰერდის გარეგნობაზე. ჩალურჯებები, ჭრილობები, ან სხვა კვალი სტილისტს მსახიობის სხეულსა და სახეზე არ შეუმჩნევია.

ყვითელი ტაბლოიდების ყურადღება დეპიდან ჰერდზე გადაერთო. ჰედლაინებში მსახიობის სახელის გასწვრივ გაჩნდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "სოციოპათი", "გამომძალველი", "მატყუარა", "ფარისეველი" და "მოძალადე". დეპის მიმართ კრიტიკა შეამცირეს უფლებადამცველებმა და აქტივისტებმა. მსახიობს მხარი დაუჭირეს ყოფილმა ცოლმა, ვანესა პარადიმ და ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, უაინონა რაიდერმა. ისინი დეპს კეთილშობილ და ღირსეულ კაცად ახასიათებენ, რომელიც ქალზე ხელს არასდროს აწევს.

9 ივლისს ლონდონში გამართულ სასამართლოზე დეპმა ჩვენება მისცა და დაცვის შეკითხვებს უპასუხა. 

"ეს არის ჩემი მორალი. ქალს არასდროს დავარტყამ, არ აქვს გარემოებებს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია". – ამბობს მსახიობი სასამართლოზე.

The Sun-ის ადვოკატების მტკიცებით, ქორწინების პერიოდში დეპი ალკოჰოლს, კოკაინს და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მსახიობს ძალადობის ფაქტები უბრალოდ არ ახსოვდეს. მოსაზრების გასამყარებლად დაცვამ წარმოადგინა ფოტო, რომელზეც მსახიობი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იატაკზე წევს.


ფოტო: Mirror

The Sun-ის წარმომადგენელმაწარადგინა სმს შეტყობინებაც, რომელიც დეპმა მეგობარს, მსახიობ პოლ ბეტანის თვითმფრინავიდან გაუგზავნა.

"მთელი ღამე ვსვამდი. საშინელებაა, ძმაო. რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია. "ფხვნილზე" ვზივარ, ნახევარი ბოთლი ვისკი დავლიე, ათასობით რედბულ-ვოდკა, აბები, ორი ბოთლი შამპანური აფრენის წინ". – წერია შეტყობინებაში.

დეპი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას არ უარყოფს, მაგრამ ფრენის დეტალები ზუსტად ახსოვს და ჰერდის მონაყოლი ფანტაზიაა. 

ხანგრძლივი დღის მთავარი სენსაცია კი გახდა ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც დეპმა გაიხსენა. მისი თქმით, დიდი ხმაურიანი წვეულების შემდეგ, დილით, საკუთარ ლოგინში ფეკალური მასა აღმოაჩინა. ჰერდმა არაპირდაპირ უთხრა, რომ უღირსი საქციელი ხუმრობით ჩაიდინა. 

შესაძლოა, სასამართლო პროცესზე ჩვენებები ვანესა პარადიმ, უაინონა რაიდერმა და ჯეიმს ფრანკომ მისცენ.

რით დასრულდება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ვარსკვლავური განქორწინება, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები