ეკონომიკა

კანდელაკი მთავრობას: გაზარდეთ ფრენების რაოდენობა, გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი

ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა საზღვრების გახსნის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობა ზეწოლას ახდენს ავიაკომპანიებზე, რომ მათ, რაც შეიძლება ცოტა ფრენა დანიშნონ.

"ჩვენს ყურამდე მოდის ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა და, ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულად, ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ რაც შეიძლება ცოტა ფრენა დანიშნონ. მაგალითად, ერთ-ერთ ავიაკომპანიას უნდა, რომ იფრინოს სამჯერ და ეკონომიკის სამინისტრო კომპნიას ეუბნება, რომ იფრინოს კვირაში ერთხელ."

კანდელაკი ბრიყვულს და დისკრიმინაციულს უწოდებს გადაწყვეტილებას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის დაწესების შესახებ "მწვანე ზონებიდან" დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის და მთავრობას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.

"ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს ბრიყვულ, დისკრიმინაციულ და მავნებლურ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებას არანაირი ახსნა ბუნებაში არ აქვს და არის არაკონსტიტუციური", - ამბობს კანდელაკი.

კანდელაკი ასევე აცხადებს, რომ, ეპიდიმიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველომ საზღვრები პოლონეთისთვისაც უნდა გახსნას.

"ასევე გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას გააფართოოს ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გარეშეა შესაძლებელი. ამ ქვეყნების ჩამონათვალში, პირველ რიგში, უნდა შეიყვანოს პოლონეთი, რომელიც ჩვენი ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთის 5 ქალაქში იყო ფრენა და პოლონეთიდან გასულ წელს 90 000 ტურისტი შემოვიდა."

ევროპული საქართველოს წევრმა, ასევე, განაცხადა, რომ აუცილებელია თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნა, თუნდაც წინასწარი ტესტირებით და სხვადასხვა შეზღუდვით.

"ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს სახმელეთო საზღვრის გახსნაზე თურქეთთან, თუნდაც რეგულაციებით. ჩვენი ათასობით თანამოქალაქე თურქეთში დასაქმებულია სეზონურ სამუშაოებზე და საზღვრის დაკეტვა ნიშნავს,  ათასობით ოჯახის დარჩენას შემოსავლის გარეშე", - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები