კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში ერთი ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის 2 ბავშვია

დღეს, 11 ივლისს, კორონავირუსის რვა ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ხუთი აჭარაში ერთი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო რიჟაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო ამავე ოჯახის წევრი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

"რეგიონში დაგვემატა 5 ახალი შემთხვევა, რომლებიც გახლავთ ერთი ოჯახის წევრები. მათი ინფექციის წყაროს წარმოადგენს ამავე ოჯახის წევრი - სატვირთო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლი.

გუშინ უკვე 18 ახლო კონტაქტი აღვრიცხეთ, ყველას ჩაუტარდა PCR დიაგნოსტიკა და მათ შორის გამოვლინდა ეს 5 დადასტურებული შემთხვევა. ყველა შემთხვევა არის ერთი ოჯახიდან, ანუ ოჯახიდან სხვა დამატებითი დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს." - თქვა რიჟაძემ.

ხუთ ინფიცირებულს შორის ორი მცირეწლოვანია ბავშვია.

ამ დროისთვის, ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 981 შემთხვევა, აქედან 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა. შესაბამისად, დარჩენილია 115 აქტიური შემთხვევა.

კომენტარები