ყაზახეთი

ყაზახეთი უარყოფს ჩინეთის ინფორმაციას უცნობი, Covid-19-ზე მომაკვდინებელი პნევმონიის შესახებ

ყაზახეთის მთავრობაში უარყოფენ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში უცნობი ტიპის პნევმონიით 1 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ახალი, უცნობი დაავადება კორონავირუსზე უფრო სასიკვდილოა.

ეს ინფორმაცია ყაზახეთში ჩინეთის საელჩომ 9 ივლისს გაავრცელა. მათ ქვეყანაში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილეს.

"ყაზახეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში და სხვა უწყებებში კვლევას აწარმოებენ და ჯერ-ჯერობით არ იციან, რა ბუნებისაა ახალი ვირუსი". - ნათქვამი იყო საელჩოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით ახალი ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ივნისის შემდეგ იზრდება და ზოგ ადგილას ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა დასტურდება.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვირუსული პნევმონია მართლაც გავრცელდა, თუმცა უარყოფენ, რომ ის ახალი ან უცნობი ტიპისაა.

"ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება". - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ისინი განმარტავენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესებს მიჰყვებიან და პნევმონიის შემთხვევაში, როდესაც აქვთ კორონავირუსის კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური დიაგნოზი, მაგრამ ლაბორატორიული შემოწმებით არ დასტურდება, მას "დაუდგენელი" პნევმონიის კლასიფიკაციას ანიჭებენ.

"ყოველდღიურად საავადმყოფოში 200-მდე ადამიანი შედის. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 300-მდე ადამიანს დაუსვეს პნევმონიის დიაგნოზი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაავადებულთა ნაწილი სახლში მკურნალობს". - წერს ყაზახური საინფორმაციო სააგენტო Kazinform ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ყაზახეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 56 455-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1 708 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 264 ადამიანი. გასულ თვეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, ნურსულთან ნაზარბაევს.

შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო 5 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები შემოიღეს. შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები და რეგიონებს შორის გადაადგილება. დაკეტილია კულტურული და სპორტული დაწესებულებები და სალონები. მოსალოდნელია, რომ აკრძალვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

კომენტარები