გიორგი შაქარაშვილის საქმე

მეუფე იაკობი შაქარაშვილზე: პროკურატურას და შსს-ს ვერ შევამჩნიე, ვიღაცას ხელს აფარებდნენ

მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. მეუფე იაკობი ამბობს, რომ, სამართალდამცველ ორგანოებს მან ვერ შეამჩნია, რომ ვინმეს ხელს აფარებენ. 

"სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არ ჩაიფარცხება ამბავი და თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიონ. მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს, ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია, ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა". – ამბობს მეუფე იაკობი. 

ეპისკოპოსის თქმით, "ჟურნალისტებმა ბევრი გააკეთეს", თუმცა ფიქრობს, რომ სიმართლეს გამოძიებაც დაადგენდა. 

"ჟურნალისტებმა ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ მე არ მგონია, ძიება აქამდე არ მისულიყო. ალბათ უფრო ღრმადაც ჩავლენ. ჩემთვის გულსატკენია ისიც, რომ აქეთაც ახალგაზრდებია და რამდენი ადამიანი იღუპება. იქით გარდაცვლილი გვყავს, აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა ... ჩემი თხოვნა იქნება, ნებისმიერი პირების მიმართ, რომ ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას, პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან, რა. ვინც პოლიტიკოსია, არ მოიტყუონ ახლა, ტელევიზიის დირექტორი ვარ, ან რაღაცაო..". – ამბობს მეუფე იაკობი. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო - 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 

10 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე შაქარაშვილს დაზიანებები აქვს მიყენებული.

"სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში". – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

 

საქმის დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვალების პროცესში თითქმის ფხიზელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა არც ნარკოტიკისა და არც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

კომენტარები