კობა კობალაძე

კობალაძე შვილის დაკავებაზე: ყველაფერი გაირკვევა, არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს

ქართული ოცნების დეპუტატი კობა კობალაძე შვილის დაკავებაზე ამბობს, რომ ყველაფერი გაირკვევა და დამნაშავე პასუხს აგებს. 

როგორც კობალაძემ ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, მას შვილი ისე არ გაუზრდია, "რომ დანები ატრიალოს".

"აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და, შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს. ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს და ის... არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემთვის უმთავრესი ისაა, რომ, პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს". – ამბობს კობალაძე. 

კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს ჩაბარდა. საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ დაჭრას. შსს-მ ბრალდებულები მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა.

10 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ანონსი, რომლის მიხედვით, შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები . ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ". 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ. ჟ და 2000 წელს დაბადებული გ. კ. 2000 წელს დაბადებული დ. კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა. 

გ. კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ. ჟ-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

"საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები