ისრაელი

ისრაელში მომიტინგეები კორონავირუსის შემდგომ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ

0 კომენტარი
ფოტო: Flash 90

ისრაელში, თელ-ავივში ათასობით მომიტინგემ აქცია გამართა, რითაც გააპროტესტეს ეკონომიკური კრიზისი, რაც, მომიტინგეების თქმით, მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის კრიზისის არასწორად მართვით არის გამოწვეული.

მომიტინგეებს პირბადეები ეკეთათ, თუმცა სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ. 

პოლიციამ თავდაპირველად დააანონსა, რომ დამსწრეთა რიცხვს შეზღუდავდა, თუმცა საბოლოოდ პროტესტისთვის სივრცე გააფართოვეს

აქციას ორგანიზება გაუკეთეს მცირე ბიზნესების მფლობელებმა, თვითდასაქმებულმა პირებმა.

ისრაელის მედიაში ამბობენ, რომ აქციას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, თუმცა, ოფიციალური რიცხვი უცნობია. აქციაზე 20 პირი დააკავეს.

მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, რათა ასობით ათას დასაქმებულს, რომლებმაც ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად სამუშაოები დაკარგა, კომპენსაცია მისცეს. 

დასაქმებულმა პირებმა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, უმუშევრობის შეღავათები შვებულების სქემით მიიღეს, ხოლო თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ მათი უმეტესობა, უკვე თვეებია, მთავრობის მიერ დაპირებულ დახმარებას ელის. 

პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ მომიტინგეებს 10 ივლისს შეხვდა, რათა არსებული პრობლემები განეხილა. 

"ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებებს, მათ შორის, დავაჩქარებთ დაუყოვნებლივ გადახდებს, რაც გვინდა, რომ მოგცეთ". – თქვა ნეთანიაჰუმ. 

9 ივლისს ნეთანაიჰუმ დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რაც თვითდასაქმებულთათვის სწრაფ კომპენსაციას, მომავალი წლისთვის ეკონომიკური "უსაფრთხოების ქსელის" შექმნას მოიცავს. სავარაუდოდ, მთავრობა ამ გეგმას 12 ივლისს დაამტკიცებს.

ისრაელში ახალი კორონავირუსის გამო მკაცრი ზომები შუა მარტიდან შემოიღეს. ზომების შემსუბუქება მაისის ბოლოდან დაიწყო.

ბევრი ისრაელელი სამუშაო ადგილს არ დაბრუნებია. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო შიშობენ, რომ, შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს. უმუშევრობის მაჩვენებელი 21%-მდე არის გაზრდილი.

10 ივლისს ისრაელში ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში რეკორდული მაჩვენებლით, 1 464 ახალი შემთხვევით გაიზარდა.

ამ დროისთვის, ისრაელში ახალი კორონავირუსი 38 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 358 გარდაიცვალა 18 000-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები