არჩევნები 2020

შაქარაშვილის ბიძა ოცნების ყოფილ დეპუტატებთან ერთად ახალი პარტიის დამფუძნებელია

მთავარი არხი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია. ამის შესახებ პარტიის 12 ივლისის ყრილობაზე გახდა ცნობილი . 

ახალი პარტიის პრეზენტაცია 7 ივნისს შედგა. მისი დამფუძნებლები არიან ქართული ოცნების ყოფილი წევრები, პარლამენტის დეპუტატები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ასევე თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.

მირიან ნიკოლაძე მთავარ არხთან საუბარში ამბობს, რომ პარლამენტის წევრები მისი უახლოესი მეგობრები არიან. 

ნიკოლაძემ თავის წარსულზეც ილაპარაკა და თქვა, რომ 2004 წელს საკუთარი ნებით დატოვა პროკურატურა, რადგან "იმ სადისტური რეჟიმის პირობებში არ იმუშავებდა". 

"9 წელი ვიყავი ფაქტობრივად ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ადვოკატი ვიყავი და ვიბლოკებოდი, როგორც ხდებოდა. 9 წელი მირიან ნიკოლაძე არ გაჩერებულა. შეხვალთ გუგლში და ნახავთ რა მიკეთებია. ამის შემდეგ ვიყავი პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერი იმიტომ, რომ ის ხელისუფლება უნდა წათრეულიყო და ვიყავი ამის აქტიური მომხრე. პრინციპულია ჩემთვის, რომ მარტო ქართულმა ოცნებამ კი არ უნდა დატოვოს, ქართული ოცნება, რომელიც ხელს აფარებს ამდენი ხანია ამ ნაციონალების ნახირს, აი, იმასთან ერთად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან". – ამბობს ნიკოლაძე. 

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, რომ ნიკოლაძე აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა მის მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლო წარდგენას ამ ეტაპზე არ ადასტურებს. პარტიის წევრ ბექა ნაცვლიშვილს ახარებს, რომ ნიკოლაძე მათი გუნდის წერია, ხოლო გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ისინი დიდი ხნის თანამებრძოლები არიან. 

რაც შეეხება 19 წლის ფეხბურთელის საქმეს, მისი ბიძა ამბობს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის და ითხოვს, რომ დამნაშავეები მაქსიმალურად დაისაჯონ. 

კომენტარები