დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა პირბადით

დონალდ ტრამპი
politico

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა პირბადით. 

პრეზიდენტი სამხედრო საავადმყოფოს ესტუმრა, სადაც დაჭრილი სამხედროები მოინახულა.

"მე არასდროს ვყოფილვარ პირბადეების წინააღმდეგი, მაგრამ მჯერა, რომ მათ შესაფერისი დრო და ადგილი აქვთ. ვფიქრობ, როდესაც საავადმყოფოში ხარ და ჯარსკაცებს ელაპარაკები, ან იმ ადამიანებს, რომლებიც საოპერაციო მაგიდასთან იდგნენ, ნიღბის ტარება შესანიშნავია". - თქვა მან თეთრი სახლის დატოვებისას.

მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ პირბადეს არ გაიკეთებდა და ნიღბის ტარების გამო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ ოპონენტს, ჯო ბაიდენს დასცინოდა. აპრილში ტრამპმა თქვა, რომ ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი პირბადით ოვალურ ოფისში.

ტრამპმა თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა მიიღოს "პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, დიქტატორები, მეფეები და დედოფლები" ოვალურ ოფისში პირბადით. მან ხაზი გაუსვა, რომ პირბადეების ტარების თაობაზე ამერიკელებისათვის გაცემული მითითების შესრულება ნებაყოფლობითია.

"აუცილებელი არ არის ამის გაკეთება. არა მგონია, რომ ეს გავაკეთო, ოვალურ ოფისში მჯდომს, ულამაზეს მაგიდასთან, ეს საკუთარ თავზე ვერ წამომიდგენია... შესაძლოა, აზრი შევიცვალო."

მაისში კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, თეთრი სახლის თანამშრომლებს პირბადეების ტარება დაევალათ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ თანამშრომლებს პირბადე უნდა ეკეთოთ ნებისმიერ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკუთარ სამუშაო მაგიდასთან, კოლეგებისგან უსაფრთხო დისტანციაზე არიან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ მითითების გაცემა მან მოითხოვა. მიუხედავად ამისა, თავად ტრამპი კვლავ უარს ამბობდა პირბადის გაკეთებაზე. მან პრესკონფერენციაც პირბადის გარეშე გამართა. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ სახის დაფარვა არ სჭირდება, რადგან ყველასგან მოშორებით დგას.

აშშ-ს პრეზიდენტს პირბადე არ ეკეთა არც მაშინ, როდესაც ნიღბების მწარმოებელ საწარმოს ესტუმრა და არც ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შემდეგ მისი კამპანიის რამდენიმე წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აშშ-ში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის კვალდაკვალ ტრამპმა რიტორიკა შეცვალა და გასულ კვირას თქვა, რომ პირბადეების ტარებას ემხრობა და მოსწონს, როგორ გამოიყურება ნიღბით.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსით 3 357 206 ადამიანი დაავადდა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა კვლავ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსით გარდაიცვალა 137 418 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 490 702.

კომენტარები