სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში სპეცოპერაციისას დაკავებული პირი, სავარაუდოდ, "ტყის ძმების" ლიდერის შვილია

კრიმინალურმა პოლიციამ ზუგდიდში სპეცოპერაციისას სავარაუდოდ "ტყის ძმების" ლიდერის, დავით შენგელიას შვილი, დავით შენგელია დააკავა.

საქმე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ეხება.

შსს-მ დაკავებულის ინიციალები გაასაჯაროვა - დ.შ. ინფორმაცია, რომ დაკავებული დავით შენგელიაა, გავრცელდა როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ მედიაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, მეტადონი და ლირიკა.

სპეცოპერაცია დღეს, 12 ივლისს, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ტყის ძმები" იყო არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იბრძოდა.

კომენტარები