ბათუმის მერია

პრესსამსახური: ბათუმის მერი შვებულებაშია

Facebook: ლაშა კომახიძე / Lasha Komakhidze

ბათუმის მერიის პრესსამსახურმა ტაბულას უთხრა, რომ ლაშა კომახიძე კვირის ბოლომდე შვებულებაშია.

11 ივლისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა. ადგილობრივი გამოცემა ბათუმელების ცნობით კი, ლაშა კომახიძეს თანამდებობის დატოვებას სთხოვენ, ის კი სანაცვლოდ ქართული ოცნების პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმას ითხოვს.

11 ივლისს პრესსამსახურმა ტაბულას გვითხრა, რომ ვერ გვეტყვიან, მერი გადადგა თუ არა და რომ ამის შესახებ ლაშა კომახიძე ბრიფინგს 13 ივლისს გამართავს. დღეს პრესსამსახურს იმის გადასამოწმებლად დავურეკეთ, თუ რომელ საათზე ჩატარდება ბრიფინგი, რაზეც გვიპასუხეს, რომ ბრიფინგი აღარ ჩატარდება, რადგან მერი კვირის ბოლომდე შვებულებაშია.

კიდევ ერთ კითხვაზე, უარყოფენ თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ, გვითხრეს, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მერს ამ დრომდე გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია.

კომენტარები