კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, 5 - სატვირთოს მძღოლია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებულები საკარანტინო სივრციდან არიან და მათი წყარო ცნობილია. 

მისივე თქმით, 5 ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გამოჯანმრთელებულა. 

"ჩვენს კლინიკას დაემატა სამი ახალი ინფიცირებული. ორი გახლავთ საქართველოს მოქალაქე – სომხეთიდან დაბრუნებული, ერთი – ასევე საქართველოს მოქალაქე, რუსეთიდან დაბრუნებული. სამივესთან ჩატარებული მკურნალობის ფონზე ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია". – ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი მკურნალობს და ყველას მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 995 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 857 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი, მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.

კომენტარები