Wizz Air

პირველი ოქტომბრიდან Wizz Air ქუთაისიდან აბუდაბის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს

United Airports of Georgia

2020 წლის პირველი ოქტომბრიდან, ქუთაისიდან აბუდაბის მიმართულებით კვირაში ორი ფრენა შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Wizz Air - ის მიერ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. 

"საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. გვიხარია, რომ ავიაკომპანიასთან ერთად ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ქუთაისის აეროპორტიც საკუთარ წვლილს შეიტანს". – ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე. 

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში თავისი ბაზის დროებით გაუქმება პირველ ივლისს დაადასტურა. ქუთაისში ბაზირებული ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდება.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ მზად არის, ფრენები განაახლოს. ამასთან, Wizz Air-ი მზადაა, რომ ქუთაისიდან ახალი მიმართულებებიც დაამატოს.

30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა – 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები: ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებით.

კომენტარები