ეკა ბესელიას ინიციატივა

ოხანაშვილი: მხარს არ ვუჭერ ბესელიას ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მხარს არ უჭერს იდეას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე საარჩევნო ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმის დანერგვას გულისხმობს. 

"მე არ ვიცი, რამ განაპირობა და რატომ ითხოვენ დაჩქარებული წესით განხილვას, მით უმეტეს, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ჩვენ წინა კვირას დავამტკიცეთ, სადაც იყო სრული კონსენსუსი, პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარ იცოდნენ, ფართო განხილვის საგანი იყო, ამიტომ, მე არ ვუჭერ მხარს დაჩქარებული წესით ამ საკითხის განხილვას". – თქვა ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი აპირებს დაჩქარებული წესით განიხილოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, გასაკვირი არ არის, რომ ეკა ბესელიაც ითხოვდეს იმავეს. 

"დაჩქარებული წესით იმიტომ ითხოვენ, რომ საქმე ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, შესაბამისად, ახლა თუ არ იქნა მიღებული, მერე მიღებას აზრი არ აქვს და არ ესწრება და იმ პირობებში, როდესაც დაჩქარებული წესით შემოიტანეთ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელზეც ტექსტიც კი არ არსებობს ბოლო ვერსია, როცა არანაირი საჭიროება არ არის, რომ მართლა დაჩქარებულად განიხილოთ, აპირებთ, რომ კენჭი უყაროთ კომიტეტზე ისე, რომ წაკითხულიც არ გაქვთ ბოლო დოკუმენტი იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არის.

იმ პირობებში, როდესაც ენერგეტიკის შესახებ კანონს აპირებთ კენჭი უყაროთ იმ პირობებში, როცა დღეს შემოვიდა და წაკითხულიც არ გაქვთ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით რომ დაჩქარებული წესით მიიღოთ, მე მგონი, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის". – თქვა სერგი კაპანაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია 6 ივლისს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მიზნად ისახავს, შეიქმნას მექანიზმი საარჩევნო ბიულეტენების გადასამოწმებლად. როგორც პარლამენტის წევრი ამბობს, კანონპროექტი იურისტ ვახტანგ ხმალაძის მიერაა მომზადებული და პარლამენტში 8 ივლისამდე დარეგისტრირდება.

კომენტარები