ხარაგაულის მერი

ხარაგაულის მერი: ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ქართული ოცნების გუნდში

0 კომენტარი

ხარაგაულის მერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნიკოლოზ თოფურიძემ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების გუნდში რჩება.

"ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები ქართული ოცნების გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორისა და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.

დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება.

მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე, თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება". – წერს ნიკოლოზ თოფურიძე, რომელიც ხარაგაულის მერის თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. იქამდე, 2016-2017 წლებში, თოფურიძე ხარაგაულის გამგებელი იყო. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები