ბაჩანა შენგელიას საქმე

კაპანაძე: წულუკიანი შენგელიას საქმეზე თან კანონს არღვევს და არც პარლამენტში მოდის

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მოუწოდა, უზრუნველყოს იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლა. 

ევროპულმა საქართველომ თეა წულუკიანი პარლამენტში მას შემდეგ დაიბარა, რაც ცნობილი გახდა, რომ მინისტრი აგრძელებს ჩვეულ პრაქტიკას და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს. ამჯერად საქმე ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას ეხება. 

"ჩვენ მოვითხოვეთ ორი კვირის წინ ქალბატონი წულუკიანის მოსვლა კომიტეტზე და კითხვებზე პასუხის გაცემა, ქალბატონი წულუკიანი არ მოდის კომიტეტზე, ეს არის ბოლო სესია. თხოვნა მაქვს თქვენთან, იქნებ უზრუნველყოთ, რომ ქალბატონი წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და რაც ღია ინფორმაციაა, დადასტურებულია, რომ კანონს არღვევს, არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით გასცეს პასუხი პარლამენტს. მარტო უმცირესობას და მარტო ოპოზიციურ დეპუტატებს კი არა, პარლამენტს.

არსებობს ინფორმაცია, რომ კანონს არღვევს, არის მოწვევა, რომ მოვიდეს პარლამენტში და არ ასრულებს არც კანონს და არც პარლამენტში მოდის. ეს, მე მგონი, ნორმალური არ არის და მე მგონია, ასევე, რომ თქვენი პასუხისმგებლობაა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, რომ უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა". – თქვა სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე. 

ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ უპასუხა, რომ ევროპული საქართველოს მიერ მინისტრის პარლამენტში დაბარებამდე ორი დღით ადრე თეა წულუკიანი პლენარულ სხდომაზე იყო და დეპუტატებს მისთვის შეკითხვების დასმა შეეძლოთ. 

"მე მესმის, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი თქვენი პარტიისთვის განსაკუთრებული თავდასხმის საგანი ხდება ყოველთვის იმიტომ, რომ თქვენი დამოკიდებულება არის ზოგადად განსაკუთრებული ლიდერებისთვის თავდასხმა და ამიტომაც არის ქალბატონი თეა წულუკიანი თქვენი თავდასხმის ობიექტი მუდმივად. ამ ჯერზეც მე მგონია, რომ სწორედ ასეთ თემასთან გვაქვს საქმე და ამიტომ ესხმით ქალბატონ თეას თავს იმიტომ, რომ ის გამორჩეული ლიდერია ქართული ოცნების და საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებში". – თქვა სოფო კილაძემ. 

სერგი კაპანაძემ სოფო კილაძეს შეახსენა, რომ პარლამენტის წინაშე არა იუსტიციის მინისტრი, არამედ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია წარსდგა, თეა წულუკიანი კი უბრალოდ ესწრებოდა სხდომას სხვა მინისტრებთან ერთად. ამავდროულად, ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მინისტრს ბაჩანა შენგელიას შესახებ შეკითხვა მართლაც დაუსვეს, თუმცა, იმ დროის მონაცემებით, სასამართლოს ბაჩანა შენგელიას საქმეზე ჯერ გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ ჰქონდა, თავად წულუკიანმა კი თქვა, რომ ამ საქმის დეტალებში არ შევიდოდა და ამაზე ვრცლად მაშინ ისაუბრებდა, როდესაც პარლამენტის წინაშე თავად წარსდგებოდა. 

"თქვენ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, რაც ახლა მოიყვანეთ მაგალითად, წინა სესიაზე ქალბატონი მინისტრი კი არ იყო, პრემიერმინისტრი იყო მოსული. ქალბატონი მინისტრი იქ იჯდა. ეს კითხვები მას დავუსვით, მან პასუხი არ გაგვცა. ეს ერთი.

მერე მეორე, მე რა ფაქტიც ახლა მოვიყვანე, მოხდა ამის შემდეგ, ქალბატონო ადამიანის უფლებების თავმჯდომარევ, იმ შეხვედრის მერე მოხდა, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის დადგენილება, თუ ბრძანება, რომელიც წულუკიანმა, თქვენმა "გამორჩეულმა ლიდერმა" გამოსცა, რომ ის უნდა შეჩერებულიყო.

იმის მერე გავიდა ერთ კვირაზე მეტი. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ სრულდება თქვენი გამორჩეული ლიდერის მიერ და თქვენ, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ იმ ადამიანის უფლებას იცავდეთ, ვის მიმართაც ეს უფლებას არღვევს, იცავთ მინისტრ წულუკიანს". – უპასუხა სერგი კაპანაძემ სოფო კილაძეს.

ბაჩანა შენგელიას საქმე

29 ივნისს, ნოტარიუსმა ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შეუჩერეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით წერეთელმა წულუკიანის უწყებას შენგელიასთვის შეჩერებულ სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა 1 ივლისს დაავალა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია და შენგელიას სანოტარო სისტემებზე წვდომა კვლავ შეზღუდული აქვს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები