ევროპული საქართველო

კანდელაკი: ბავშვთა გასართობი ცენტრებისთვის დაწესებულ რეგულაციებში ნეპოტიზმის ნიშნებია

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

ევროპული საქართველოს განცხადებით, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და კომპანიების მიმართ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დისკრიმინაციულად ვრცელდება და კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს.

პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ამ სფეროში მხოლოდ თბილისში დაახლოებით 100 კომპანია საქმიანობს, საქართველოს მასშტაბით კი  – დაახლოებით 200. თითოში კი საშუალოდ 20 ადამიანი მუდმივად არის დასაქმებული. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით უმუშევრად რჩება 10 000 ადამიანი.

"მაშინ, როცა ყველა ასეთი კომპანიისთვის აიკრძალა ღონისძიებების გამართვა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, თბილისის მერის, კახა კალაძის მეგობრის, გიორგი გოგუაძისა და მისი მამის კუთვნილმა კომპანიამ, ნევერლენდმა გლდანის პარკში არაერთხელ (მაგალითად, ბოლოს, 8 ივლისს) გამართა მასშტაბური გასართობი ღონისძიება. რომელშიც ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. უდავოა, რომ მაშინ, როცა სხვა კომპანიები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მათ მიერ დასაქმებული ათასობით ადამიანი – მსახიობები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები და ა. შ. მოთმინებით ელიან შეზღუდვების შერბილებასა და დაკარგული სამუშაოს აღდგენის შანსს, თბილისის მერთან პირადი კავშირი საკმარისია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის შეზღუდვების მოსახსნელად იმ მომენტში არსებული რეგულაციების დარღვევით. კორუფცია და ნეპოტიზმი სხვა არაფერია". – ამბობს კანდელაკი.

მისივე თქმით, აღსანიშნავია რეგულაციების აბსურდულობა – დაშვებულია ბავშვთა ბანაკები, მაგრამ ბანაკში ღონისძიების ჩატარება ანიმატორის მონაწილეობით –დაუშვებელია.

"მოვუწოდებთ მთავრობას, კომპანიებს გასცენ რაციონალური პასუხი, როდიდან იქნება შესაძლებელი საქმიანობის სრულფასოვანი განახლება. გარდა იმ ათასობით ადამიანისა (რომელთა უმრავლესობაც ახალგაზრდაა), რომლებიც ელიან სამსახურის აღდგენის შანსს, ყველა ამ კომპანიას აწევს სხვადასხვა ვალდებულება, რომელთაც არავინ უმსუბუქებს და და მათ ნაწილს უკვე დაედო ინკასო". – თქვა კანდელაკმა.

კომენტარები