ენერგეტიკა და წყალმომარაგება

კანონპროექტით სემეკს შეეძლება, კომპანიებს 5%-ზე დიდი წილის გაყიდვა შეუზღუდოს

დავით ნარმანია
საქართველოს მთავრობა

ახალი კანონპროექტის თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შეეძლება, კომპანიებს 5%-იანი ან უფრო მსხვილი წილის გაყიდვა შეუზღუდოს.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დღეს განიხილება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონში შესატანი ამ ცვლილებით, როცა გამანაწილებელი კომპანია 5%-იანი ან უფრო მსხვილი წილის გაყიდვას გადაწყვეტს, ამის შესახებ სემეკს უნდა აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას წილის გასხვისების ნებართვას.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, "ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე". სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყასტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.

"ყველა ასეთი ოპერაცია, რომელიც შეიძლება, იყოს არასასურველი, ქვეყნის ინტერესებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, ეს იქნება ბერკეტი, რომ არ გაუარესდეს მდგომარეობა". – ამბობს დავით ნარმანია.

ოპოზიცია კანონპროექტს კრიტიკულად უყურებს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანონი ბიზნესს "საკუთარი ქონების, საკუთარი აქტივის განკარგვის უფლებას უზღუდავს".

"გვარი, სახელი და ბიოგრაფიული ცნობები უნდა იყოს ინვესტორისა, ვინც იყიდის ენერგეტიკის სექტორში რაიმე აქციებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არ შემოვა ინვესტიცია". – ამბობს რომან გოცირიძე.

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვაზე, რაც, მისი თქმით, კითხვებს აჩენს.

მას მიაჩნია, რომ კანონპროექტის სწრაფად მიღების მოტივი კორუფციული გარიგება, პოლიტიკური ინტერესი, ან შიდა დაპირისპირებაა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ახსნა, ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი ასე სწრაფად რატომ უნდა შემოიტანონ, უბრალოდ, არ არსებობს". – აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

კომენტარები