კობა კობალაძის შვილი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და მასთან ერთად დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდათ

Interpressnews

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილსა და მასთან ერთად დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.

სააგენტოს ცნობით, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი მიატოვეს, მიმალვაში იმყოფებოდნენ და თავს არიდებდნენ გამოძიებას.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კობალაძესა და კიდევ ერთ ადამიანს ბრალი 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, 6 ადამიანიდან ერთერთი მიიმალა და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. 

შემთხვევა, რომლის გამოც ქართული ოცნების დეპუტატის შვილი დააკავეს, 24 ივნისს მოხდა. 

10 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ანონსი, რომლის მიხედვით, შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო.

კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს თავად ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ". 

კომენტარები