პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე წუხს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.
 
ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების –აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.
 
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება". – წერია განცხადებაში. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვირას დაიწყო და ორშაბათ დილამდე გაგრძელდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა ხუთი აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხეთის საგარეო სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაიჭრა ორი სომეხი სამხედრო.

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვართან აზერბაიჯანის ქმედებას პროვოკაცია უწოდა. 

კომენტარები