მთავარი რედაქტორის წერილი

მთავარი რედაქტორის წერილი: სანამ სიმართლე შარვალს იცვამდა...

მთავარი რედაქტორის წერილი

მთავარი რედაქტორის წერილი: სანამ სიმართლე შარვალს იცვამდა...

მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი.
"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო" – სთქვი შენ და მე გავიგონე.
მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა,
იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა.
როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?
ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..

ილია ჭავჭავაძე, მგზავრის წერილები, 1861

"როდესაც მე მოვუწოდებდი, ტანკები შეგვეყვანა თბილისში, ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ". – ეს სიტყვები ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის და გასულ კვირას პუტინისტური მედია პლატფორმის, ალტ-ინფოს ეთერში მოვისმინეთ.

რუსული სპეცსამსახურების მიერ ფილოსოფოსად დანიშნული კრემლის პროპაგანდისტი ამბობს, რომ 2008 წელს რუსული აგრესიის ამოცანა საქართველოში დაახლოებით იმ სტატუს-კვოს დამყარება იყო, რაც დღეს გვაქვს – "თუ რუსული ტანკები შევიდოდნენ თბილისში, ჩემი აზრით, სიტუაცია დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული არ იქნებოდა. დღეს საქართველო უფრო ნეიტრალურია. დიახ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნატოს, ეს არის სასტიკი ბრძოლა გადარჩენისათვის". 

პრინციპში მას ახალი არაფერი უთქვამს. 

საუკუნის წინ რუსებმა დაამხეს ჟორდანია, შემდეგ გამსახურდია, ტერაქტებს უწყობდნენ შევარდნაძეს, ძირს უთხრიდნენ სააკაშვილსაც – ის, რომ აგვისტოს ომის რეალური მიზანი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების კრემლისთვის კომფორტული რეჟიმით ჩანაცვლება იყო, ამერიკის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმაც დაადასტურა. 

რეალურად, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთია საქართველოს ისტორიის ბოლო ასი წლის განმავლობაში, რომელსაც რუსეთი არ ერჩის. 

"ქართული ოცნება ძალიან სასარგებლოა". – ამტკიცებს ამავე ინტერვიუში დუგინი.

რუსეთს რომ გამოადგებოდა, თავის დროზე ეს არც ივანიშვილს დაუმალავს – "რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რომელსაც ჩვენი მოსვლის შემდეგ მყისიერად დავიწყებთ ... ძირითადი, რისი იმედიც მე გამაჩნია, ის არის, რომ მოხდება ინტერესთა თანხვედრა, ასეთ სიტუაციაში ყოფნა დღეს არც რუსეთისთვისაა სასარგებლო". - გამოგვიცხადა მან 2011 წლის 1 ნოემბერს, პრესკონფერენციაზე. 

მართლაც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართული ოცნება რუსეთის ინტერესებს დაჰყვა და საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობის დღის წესრიგიდან ამოაგდო. 

თუმცა, წინა ხელისუფლების შეცვლის სურვილით ანთებულმა კრიტიკულმა მასამ ივანიშვილის განზრახვა ვერ გაიგო, ან პრობლემად არ მიიჩნია. 

ივანიშვილის გეგმა, რომ რუსეთის ინტერესებს შეწყობოდა, დასავლეთმაც გაატარა.

2011 წელს მაიდანი და ყირიმის ანექსია ჯერ კიდევ შორს იყო, ობამას საგარეო პოლიტიკის ამოცანას არა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების კრემლის გავლენისგან გათავისუფლება და მოსკოვის იმპერიულ ამბიციებთან გამკლავება, არამედ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება წარმოადგენდა. 

"ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე დავიბენით", – ასე მიპასუხა ჰილარი კლინტონმა 2017 წელს, როდესაც ნიუ-იორკის ქალთა სამიტზე მსოფლიოში მზარდ ავტორიტარიზმზე ვისაუბრეთ და ამ კონტექსტში რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა გავაკრიტიკე ირიბად, – "ვერ გავაცნობიერეთ, რასთან გვქონდა საქმე. გვეგონა, რომ იარსებებდა გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებდა კონფლიქტს, არ დაგვაბრუნებდა ცივ ომში, ან, ღმერთმა დაგვიფაროს, "ცხელ" ომში".

ალბათ ამიტომაც ჩათვალა ქართულმა ოცნებამ, რომ ამ სიტყვებიდან 8 წლის შემდეგ, გავრილოვის საპატიო სავარძელში მოთავსებაც გაუვიდოდა და მწარედ შეცდა. 

ივანიშვილისა და კრემლის ინტერესების თანხვედრას ივანიშვილის გუნდიდან ყველაზე ხატოვნად იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი განასახიერებს. 

ქართულ ოცნებაში ყველაზე ენამახვილად აღიარებულმა მინისტრმა სუვერენული დემოკრატიის პუტინისტური იდეა მოხევურ ტარავალში გამოაწყო და რატომღაც ჩათვალა, რომ ვერ ვიცნობდით.  

"ზოგი ამბობს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ამის მერე? რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს? აქ უკვე მივდივარ "ჩემს მოხევესთან". ეს ყველაფერი დასანანია, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ არა ისე, რომ ქართველებს დარჩეთ განცდა, რომ ხელი ამოუგრიხეს". – გამოგვიცხადა იუსტიციის მინისტრმა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის ზეწოლით სიტყვის ნაწილობრივ შესრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოუწია. 

საქმე იმაშია, რომ პუტინმაც და მისმა პროპაგანდისტმა დუგინმაც ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთის რეპუტაციას  ვერაფერს უშველიან. მაგრამ, თუ ქართველები დაიჯერებენ, რომ "ამერიკა და რუსეთი - ორივე იმპერიაა" და ორივე საქართველოს სუვერენიტეტს ერჩის, შესაძლოა ნეიტრალიტეტის იდეით გაბრიყვდნენ, ზუსტად ისე, როგორც 1920-იან წლებში.

მერე რა, რომ ლელთ ღუნიას პირით ილია ჭავჭავაძე მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზეა გულმოსული. 

ან იმას რა უშავს, რომ დასავლეთში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არაერთხელ გამოხატული სუვერენული საგარეო არჩევანია?

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქართველის ხალხის ნებას არად დაგიდევთ.

თეა წულუკიანი დუგინის "ტრენდზე ზის", ამერიკელი კონგრესმენების წერილებს "მგზავრის წერილებს" ადარებს და შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. 

რა გასაკვირია, რომ კრემლისტური პროპაგანდის გულმოდგინე შემსრულებელს, ბიძინა ივანიშვილსა და მის თოჯინებს პუტინი სასარგებლო იდიოტებად თვლის და არ ერჩის?  

ხელისუფლების მიერ "ბურთივით მრგვალი ლიბერალის" სახლ-მუზეუმის დათმობა პუტინისტი მოძალადე კლოუნებისთვის და ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის სრული პროფანაციაც სწორედ ამ პროპაგანდის კანონზომიერი გაგრძელებაა.

თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ 1920-იანი წლებს ერთი საუკუნე გვაშორებს და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია, საქართველოს სასარგებლოდ. 

ნიშანდობლივია, რომ გასულ კვირას, საქართველო არა მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტის, არამედ შეერთებული შტატების საკანონმდებლო დღის წესრიგშიც მოყვა. 

ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მთავრობის სიტყვას არანაირი ღირებულება არ აქვს და თვითონ დაადეს ფასი – კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ცვლილებები დაიძრა, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას ითვალისწინებს, თუ კონკრეტული პირობები არ დაკმაყოფილდება. 

განმარტების მიხედვით, ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი საქართველოზე ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვაა.  

ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამერიკის სახელმწიფო მდივნის სიტყვები – საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ მაიკ პომოპეომ პროაქტიურად შეაქო საქართველოს ხელისუფლება მისივე გაფუჭებულის მნიშვნელოვანწილად გამოსწორებისთვის. მან ქართულ ოცნებას საარჩევნო კანონმდებლობაში დარჩენილი ხარვეზები შეახსენა, რითაც მომავალი არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მიანიშნა, რომ ივანიშვილის იძულებული დათმობების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი კმაყოფილებისგან ჯერ შორსაა. 

კონგრესში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, ამერიკის ეროვნული ამოცანები და, მეორე მხრივ, ქართველი ხალხის სუვერენული ნება – გახდეს სრულფასოვანი დემოკრატია, ერთმანეთს ემთხვევა: 

შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების ამოცანად მიიჩნევს ამ რეგიონში წარმატებული, დასავლური ტიპის დემოკრატიის არსებობას. 

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანა თავისუფალ სამყაროში სრული ინტეგრაციაა, რაც, ბუნებრივია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას გულისხმობს.  

ნათელია ისიც, რომ ვაშინგტონში გაიაზრეს – ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ხელისუფლება არც ქართული დემოკრატიის ინტერესებს ემსახურება და არც შეერთებული შტატებისთვის და, ზოგადად, დასავლეთისთვისაა საიმედო მოკავშირე. 

თავისუფალ სამყაროში კარგად ხვდებიან, რომ ვინც სიტყვის ფასი არ იცის და ვისაც საკუთარი სიტყვის შესასრულებლად იძულება და მუქარა სჭირდება, იმასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ვერ ააგებ. ხვდებიან იმასაც, რომ ოლიგარქის მხრიდან შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინაშე დადებული პირობის დარღვევა თავად დასავლეთსაც სუსტად წარმოაჩენს და მის რბილ ძალას ეფექტს უკარგავს. 

სწორედ ამიტომ ითხოვენ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და მეოთხე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის დახვეწას, სასამართლოს დეპოლიტიზაციას – წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტენ იქამდე, სანამ ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლება არ მოვა, რომელიც რუსეთის სასარგებლო იდიოტიზმს ბოლოს მოუღებს და ქვეყანას ლიბერალური დემოკრატიის რელსებზე დააბრუნებს.

ვინც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკას თვალს ადევნებს, შეუძლებელია, ვერ დაინახოს პარალელი 2003 წელთან. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მაშინაც ჩათვალა, რომ შეუმდგარი სახელმწიფო საიმედო პარტნიორი ვერ იქნებოდა, ხოლო უპირობო ფინანსური დახმარება ქართულ დემოკრატიას წინ ვერ წასწევდა. 2003 წლის პირველ ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუმცირა. 

შეერთებული შტატების ამ ნაბიჯს 2003 წელს ჯერ გაყალბებული არჩევნები, ხოლო შემდეგ ვარდების რევოლუცია მოჰყვა. 

2020 წელს არჩევნები ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წნეხის შედეგად მიღებული ახალი სისტემით ტარდება და ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიაში უპიროსა და პუტინის მოკავშირის საერთაშორისო რეპუტაციით შედის. 

საქართველოს სასიცოცხლო ინტერესია, 2003 წელი არ განმეორდეს და სიტყვის გამტეხი ხელისუფლება არა თუნდაც მშვიდობიანი რევოლუციით, არამედ არჩევნებით შეცვალოს მეორედ - რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. 

ილია ჭავჭავაძით დაწყებული სტატია, აბრაამ ლინკოლნის სიტყვების პერიფრაზით რომ დავასრულო, ივანიშვილმა შეძლო, გაებრიყვებინა ზოგიერთი სამუდამოდ და ბევრი – ცოტა ხნით. სანამ სიმართლე შარვალს იცვამდა, ოლიგარქმა ორი ვადის გავლაც მოასწრო. მაგრამ "მრეწველობაში შრომის კოლექტიური ფორმის ორგანიზაციისა და სტიმულირების ნორმატიულ მეთოდური უზრუნველყოფის და მისი სრულყოფის გზების" შესახებ სამეცნიერო შრომის ავტორისა და "თავად მეცნიერის" გადაღლილი ინტელექტი ვეღარ გასწვდა იმის გააზრებას, რომ მის "ტრიუკებს" ლიმიტი აქვს. ვერ გააბრიყვებ ყველას - სულ!

კომენტარები