ევროპარლამენტი

სასამართლო, არჩევნები, მედია - რა ცვლილებები შევიდა ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში

amazonaws.com

ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭისყრაზე მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესული რამდენიმე ცვლილება.

მათ შორის არის მეცამეტე შესწორება, რომლის ავტორიც მარკეტა გრეგოროვაა. შესწორებაში საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე:

"სასამართლო სექტორში რეფორმები კვლავ მწირია და ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა გამჭვირვალე არ იყო, სცდებოდა მიზანს და დამსახურებაზე დაფუძნებულ კრიტერიუმებს, აჩვენებდა მიკერძოებული პოლიტიკის გავლენას, პლენარული კენჭისყრა მოსამართლეების დანიშვნაზე პოლიტიკური კრიზისის დროს წარიმართა, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და იყო მოწოდებები მრავალი მხრიდან გადადების მოთხოვნით, კომიტეტზე და პლენარულ სხდომაზე იყო სერიოზული არეულობა".

ასევე მიიღეს მე-15 შესწორება, რომელიც ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიანეს, სანდრა კალნიეტეს, მირიამ ლექსმანს და ანდჟეი ჰალიცკის ეკუთვნის, და მასში საქართველოს ახსენებენ, რომ ევროკავშირის დახმარება ეფუძნება პრინციპს "მეტი მეტის სანაცვლოდ" და პროგრესზეა დამოკიდებული:

"გახსენებთ, რომ ევროკავშირის დახმარება ეფუძნება პრინციპს – "მეტი მეტის სანაცვლოდ" და პირობას წარმოადგენს პროგრესი რეფორმებში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და საარჩევნო სისტემების მიმართულებით".

ასევე შესწორებები შევიდა საპარლამენტო არჩევნებთან და საკონსტიტუციო კანონის ცვლილებასთან დაკავშირებულ ნაწილშიც და ამჟამად მასში ვკითხულობთ:

"მივესალმებით პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიერ 15 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას ორი დაპატიმრებული ოპოზიციონერის შეწყალების თაობაზე, როგორც დაძაბულობის შემცირებისა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ამ მხრივ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, პატივი სცეს შეთანხმებას და შეასრულოს მისი ყველა ასპექტი, კონკრეტულად კი ყველა ელემენტი საარჩევნო რეფორმის თაობაზე აისახოს კონსტიტუციასა და კანონში და მოხდეს მათი იმპლემენტაცია, რაც შეიძლება სწრაფად".

ასევე შევიდა 55-ე და 56-ე შესწორებები. 55-ე შესწორებაში ხაზგასმულია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს, 56-ე შესწორებაში კი ნათქვამია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დადასტურებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი კონკურენციის პირობებში წარიმართება. მოვუწოდებთ მთავრობას სწრაფად მიიღოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და განიხილოს რელევანტური კანონები, რომლებიც შეეხება ნაკლოვანებების აღმოფხვრას, მათ შორის საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური კამპანიისთვის და კამპანიის დაფინანსების სხვა დარღვევებს, ძალადობის დაუსჯელობას, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გავრცელებას, ხმების მოსყიდვას და იმას, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციაში. ასევე საჯარო მოხელეების საშუალებას, ხმა მისცენ თავისუფლად, ზეწოლისა და შიშის გარეშე".

ასევე, შესწორებებში საუბარია მედიის თავისუფლებაზე:

"ხაზს ვუსვამთ მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რომელიც თანაბარ წვდომას უნდა უზრუნველყოფდეს პოლიტიკური პარტიებისთვის მომავალი საარჩევნო კამპანიისას. საზოგადოებრივი და კერძო მაუწყებლები პროგრამებში პოლიტიკური შეხედულებების გაშუქებისას უნდა იყვნენ პლურალისტული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული. ხაზს ვუსვამთ უფასო და ფასიანი რეკლამების რეგულაციის აუცილებლობას, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას მედიის მონიტორინგის გაძლიერებით. მოვუწოდებთ მთავრობას, არ ჩაერიოს მედიის თავისუფლებაში, ან პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ აღძრას სასამართლოში მედიების მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები გარეშე თუ შიდა აქტორების წინააღმდეგ დეზინფორმაციის შესაჩერებლად".

შესწორებულ ანგარიშში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო და მოუწოდებენ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან:

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან და მოვუწოდებთ ევროკავშირის დელეგაციას, დააკვირდეს მსგავს სასამართლო პროცესებს. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს კანონის უზენაესობის უმაღლეს სტანდარტებს, განსაკუთრებით სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლიან სასამართლოს და ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმების პირობებშია განსაზღვრული".

ევროპარლამენტარები ითხოვენ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების გამოძიებასაც:

"მოგიწოდებთ, გამოიძიოთ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა ინციდენტი, მათ შორის, 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შემთხვევები და უზრუნველყოთ დამნაშავეთა დასჯა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებები ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიხედვით, მათ შორის, შეამსუბუქოს მომიტინგეთა წინააღმდეგ შემოღებული არაპროპორციული სანქციები".

შესწორებებში, რომელსაც ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს, საუბარია დეზინფორმაციის კამპანიაზეც და ნახსენებია "კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის" გამო წაშლილი Facebook-გვერდები:

"ხაზს ვუსვამთ ეფექტური გამოძიებისა და ბრძოლის მექანიზმების საჭიროებას საგარეო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ქართულ ინსტიტუტებს ძირს უთხრის და საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს. მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ქმედების სააგენტოს (EEAS), გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რათა გაძლიერდეს საქართველოს მედეგობა, მოვუწოდებთ კომისიას, მხარი დაუჭიროს რეფორმებს მედიისა და საინფორმაციო განათლების თაობაზე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ითანამშრომლოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ასევე მოვუწოდებთ ყველა აქტორს საქართველოში, თავი შეიკავონ სოციალური მედიის ადამიანებზე, ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუტებზე თავდასხმისათვის, დეზინფორმაციის და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოყენებისგან და აღვნიშნავთ ბოლო შემთხვევებს სოციალური მედიის პლატფორმებზე ანგარიშების და გვერდების წინააღმდეგ, რომლებიც "კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებში იყვნენ ჩართული" და თავს ესხმოდნენ ოპოზიციას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშის განხილვა მაისში გაიმართა. დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა. ვრცლად ანგარიშში განხილული საკითხების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები