გიორგი შაქარაშვილის საქმე

ე.წ "კაწრომ" ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად კაწრო, რომელიც რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მონაწილეა, მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. 

ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ ისაუბრა. 

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განაცხადი შევიდა ავთანდილ ბილანიშვილის მიერ და ასევე მისი ოჯახის მიერ, ვინაიდან ძალიან ბევრი სახელის გამტეხი, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მიერ. გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია იქნა გაშვებული ტელევიზიით, რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ავთანდილ ბილანიშვილს და მის ოჯახს". – ამბობს ადვოკატი ფორმულასთან

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი მუხლების დარღვევას ედავება ბილანიშვილი ნიკა გვარამიასა და მის ტელევიზიას. მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები მისთვის ჯერ არ მიუციათ. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საჩივარზე დამატებით ინფორმაციას დღეს, 14 ივლისს გაავრცელებს. 

კადრებში, რომელიც 19 ივნისის სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე.

8 ივლისს, 17:19 საათზე, იმ დროს, როცა შსს-ში "მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე" ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის "ავტორიტეტი" კაწროა. ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.

"დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით". – აცხადებს შსს.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

ე. წ. კაწრო ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია. 

კომენტარები