სასამართლო სისტემა

მოსამართლეობის კანდიდატი: ქართველი ქალი, როგორც დედა - ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ესაა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა აბუსერიძეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ჰკითხა.

ნაზი ჯანეზაშვილი: არაერთ კვლევაში არის ხოლმე ასეთი შეკითხვა დასმული, რომელიც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით იკვლევს არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს ქვეყანაში, თუ როგორია ქართველი ქალის დახასიათება. აი, რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინი "ქართველი ქალი" და როგორ დაახასიათებდით მას? რა დატვირთვას ატარებს?

გოჩა აბუსერიძე: ქართველ ქალს როგორ დავახასიათებდი?

ნაზი ჯანეზაშვილი: კი, ანუ რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს? აი, შეიძლება გითხრათ, მაგალითად, ოჯახისთვის თავდადებული, ოჯახის ერთგული, ქმრის მორჩილი, კდემამოსილი, პატიოსანი, წესიერი, ტრადიციების მიმდევარი, კარგი დიასახლისი, სტუმართმოყვარე. რა გახსენდებათ? რას ნიშნავს ეს ეპითეტი? რა დატვირთვას ატარებს თქვენთვის? თუ ატარებს საერთოდ რაიმე დატვირთვას?

გოჩა აბუსერიძე: დიახ, რა ვიცი ... ქართველი ქალი, როგორც დედა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ესაა, შვილების, ასე ვთქვათ, გამჩენი და აღმზრდელი, რა თქმა უნდა, მამასთან ერთად, კარგი მეოჯახე, ნიშნავს იმას, რომ ოჯახის მოყვარული, მეუღლის მოყვარული, რა ვიცი, სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახის ერთ-ერთი წევრია.

ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს ქალის დახასიათება მას შემდეგ სთხოვა, რაც გაირკვა, რომ გოჩა აბუსერიძემ ანკეტაში ცოლის საქმიანობად დიასახლისი მიუთითა. ჯანეზაშვილმა დააზუსტა, რას ფიქრობდა კანდიდატი - მისი ცოლი უმუშევარია თუ დიასახლისი. აბუსერიძემ პასუხად თქვა: 'ტექნიკურად უმუშევარი გამოდის".

აბუსერიძე რამდენიმე თვის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. ის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. სააპელაციო სასამართლომდე აბუსერიძე ქუთაისში მუშაობდა.

კომენტარები