ფრენების აღდგენა

თურნავა: ლუფტჰანზა, ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზა საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას, ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ მიუნხენის აეროპორტზე, საიდანაც ლუფტჰანზა იფრენს, შეზღუდვა უკვე მოხსნილია და მთავრობა ლუფტჰანზას სთხოვს, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფრენები უფრო მალეც აღადგინოს.

"ჩვენ შევეხმიანებით, თუკი არის შესაძლებლობა, რომ უკვე ივლისში დაიწყონ ფრენები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ".

ეკონომიკის მინისტრი აგრეთვე აცხადებს, რომ შესაძლებელია, დაინიშნოს ჩარტერული ფრენებიც.

"გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დამატებით ჩარტერიც განვიხილოთ, რათა თუნდაც ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ დროულად ჩასვლა".

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ქართველ სტუდენტებს არ დაუგვიანდებათ სექტემბერში გერმანიაში ჩასვლა, იქამდე კი მათ საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

"რამდენადაც მე ვიცი, სწავლა ევროპაში იწყება სექტემბრის განმავლობაში, მათ სწავლისთვის ჩასვლა არ უგვიანდებათ. მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ დარჩენილი დრო, იმოგზაურონ საქართველოში".

საქართველოს მთავრობამ ხუთ ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გარეშე შეეძლებათ. თუმცა, იმავე ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები