აზერბაიჯანი-სომხეთი

პესკოვი: მზად ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირებას ვუშუამდგომლოთ

liga.net

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ძლიერ ვართ შეწუხებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო. ორივე მხარეს მოვუწოდებთ თავშეკავებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისკენ. 

რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზადა შუამდგომლობითი სამსახური გაუწიოს მხარეებს ურთიერთობის დარეგულირებისთვის, ამის შესახებ უკვე განვაცხადეთ სხვადასხვა დონეებზე. თქვენ იცით, რომ უკვე იყო ინტენსიური სატელეფონო კონტაქტი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსა და ბაქოსა და ერევანში მის კოლეგებს შორის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ორივე მხარეს თავშეკავებულობისკენ."

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება, მესამე დღეა, გრძელდება. დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი, ასევე ორი სომეხი სამხედრო. სამი დღის განმავლობაში სულ 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპა ერთი მაიორი და კაპიტანი. სომხეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, თუმცა ის პოზიციები, საიდანაც ისროდნენ, გაანადგურეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა სოფელი აღდამი დაბომბა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა.

დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის მდრებარე საზღვართან დაიწყო. 

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვართან აზერბაიჯანის ქმედებას პროვოკაცია უწოდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მათთვის უცნობი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, სომხეთის მხრიდან გამაფრთხილებელი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედროები დაუბრუნდნენ თავიანთ პოსტს, თუმცა, დაახლოებით ერთ საათში სომხეთის ბლოკპოსტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

 

კომენტარები