ქართული ოცნება

დარგობრივი ეკონომიკის სხდომა ორ დღეში ოთხჯერ გადაიდო

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც ელექტრონული კომუნიკაციებისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ, კვლავ გადაიდო. 

ამასთან, ამ დრომდე დეპუტატებს არ აქვთ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია. 

"უკანონობის ზეიმია დღეს და, ზოგადად, ამ დღეებში პარლამენტში. უსამარცხვინოესი პროცესი მიდის. დაჩქარებული წესით უნდათ მარეგულირებლებს მისცენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროების კონტროლი. ისე ჩქარობენ, რომ ტელეკომუნიკაციების კანონის ვერსია ჯერ არ გაუვრცელებიათ. არავის აქვს დარბაზში". – წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე. 

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ჯერ 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, მოგვიანებით 16 საათისთვის გადაიდო, საბოლოოდ 18 საათზე დაიწყო, თუმცა, 20 წუთში თავმჯდომარე რომან კაკულიას უთხრეს, რომ რეგლამენტის დარღვევაა პლენარული სესიის პარალელურად საკომიტეტო მოსმენის ჩანიშვნა. კაკულიამ შესვენება გამოაცხადა. რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ, რომან კაკულიამ სხდომის მონაწილეებს უხერხულობისთვის ბოდიში მოუხადა და დაემშვიდობა. 

იმ დროის განმავლობაში კი, რაც საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, დეპუტატები იმაზე კამათობდნენ, რამდენი დრო უნდა დაეთმოთ თითოეული ინიციატივის განხილვისთვის. 

"დეპუტატებს კითხვებს არ ასმევინებენ. კომიტეტი პლენარულის დროს დანიშნეს, რაც კანონის დარღვევაა. ახლა მოუწიათ შესვენების გამოცხადება კომიტეტზე. მერე პლენარულზე გამოაცხადებენ, ალბათ, რომ კომიტეტი მოასწრონ". – წერს სერგი კაპანაძე. 

სხდომა 13 ივლისსაც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასევე გადაიდო. 

კომიტეტზე ორი ინიციატივა უნდა განიხილონ. ერთი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ორი წლით სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება.

ინიციატივის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რაც შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონში შესატან ცვლილებებს, ინიციატივის მიხედვით, როცა გამანაწილებელი კომპანია 5%-იანი ან უფრო მსხვილი წილის გაყიდვას გადაწყვეტს, ამის შესახებ სემეკს უნდა აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას ნებართვას წილის გასხვისებაზე.

კომენტარები