მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის საგარეო მინისტრი სააკაშვილზე: კერძო პირი საუბრობს, პასუხისგება სახელმწიფოს უწევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ქვეყნის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე გაკეთებულმა განცხადებებმა არ უნდა გააფუჭოს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. 

დმიტრო კულებას განმარტებით, ეს გამონათქვამები ერთ კერძო პირს ეკუთვნის და არა მთელ სახელმწიფოს. 

"მისი ყველა განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო. აქ დისბალანსი რაშია? იმაში, რომ კერძო პირი საუბრობს და სახელმწიფოს ამის გამო პასუხისგება უწევს". – თქვა მინისტრმა. 

კულებას თქმით, უკრაინული მხარე აცნობიერებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მგრძნობიარეა. მინისტრის თქმით, უკრაინა აფასებს საქართველოსთან მეგობრობას. 

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არცერთი კერძო პირის განცხადებას არ შეუძლია დაანგრიოს, ან ხელი შეუშლოს ჩვენს ერებსა თუ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ცხადია, ოფიციალურადაა დეკლარირებული: ბატონი მიხეილ სააკაშვილი არის კერძო პირი და თავის კომენტარებში საქართველოს შესახებ არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას". – თქვა მინისტრმა. 

უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავების მიუხედავად, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ აგრძელებს ქართველი პოლიტიკოსის პოზიციიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე საუბარს. 

მაგალითად, 9 ივლისს სააკაშვილმა თქვა, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე "ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გადარჩენის ფრონტის წინა ხაზზე" იქნება. 

სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კიდევ ერთხელ ესაუბრა უკრაინელ კოლეგებს. 

თუმცა, 14 ივლისს სააკაშვილმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ იბრძვის როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და რომ შემოდგომაზე "გადამწყვეტი ნახტომისთვის" ემზადება საქართველოში. 

კომენტარები