ენერგეტიკა და წყალმომარაგება

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას მიმართა კითხვით, უღირთ თუ არა მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით გატანა იმ ზიანად, რაც ქვეყანას საინვესტიციო კუთხით მიადგება. 

კანონპროექტით, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტზე განიხილება, გამანაწილებელ კომპანიებს წილების გაყიდვა შეეზღუდებათ. მარეგულირებელს სურს, კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს. 

გიგა ბოკერია: ყველა ამ ბიზნესში მყოფი ადამიანი შეშფოთებულია, ხმაურია, რომ აქ რაღაც ცუდი ხდება, ეს ნაჩქარევი ამბავი გიღირთ იმ ზიანად, რაც ქვეყანას მიადგება საინვესტიციო კუთხით? რომ კიდევ ერთი ადგილია, სადაც ნაჩქარევად, მინიმუმ, საეჭვო გარემოებებში იღებთ ასეთ კანონებს? აქამდე თუ გაძელით, ხომ კარგად მიდიოდა ყველაფერი? ვერც ჩამოთვალეთ, ყაზტრანსგაზში რა პრობლემა იყო. რატომ არ გინდათ, რომ მშვიდად მიიღოთ ეს პაკეტი, რომ ინვესტორებს არ ჰქონდეთ შიში ფულის ჩადების. რატომ გეჩქარებათ? აქამდე დაინგრა ქვეყანა თქვენს ხელში? 

დავით ნარმანია (სემეკის თავმჯდომარე): რეგულაცია არის დროზე მისაღები იმიტომ, რომ მიმდინარეობს ბაზარზე გარკვეული გარიგებები. მაგალითად, მცირე კომპანიები, რომელთა აქტივიც უკვე შეფასებულია, ამზადებენ თავიანთ აქტივებს გასაყიდად. შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია ამ გარიგებებს შეითანხმებს წინასწარ, რომ მერე სატარიფო სიურპრიზები არ იყოს წლის ბოლოს

გიგა ბოკერია: გავიგე პასუხი. არსებობენ მცირე ბიზნესმენები, რომლებიც აპირებენ აქტივების გაყიდვას. ანუ ინვესტორები არსებობენ, ვინც ფულს ჩადებენ საქართველოში? და ეს ცუდია? 

დავით ნარმანია: ვინ თქვა, რომ ცუდია? 

გიგა ბოკერია: მაშინ, ეს კანონი რაში გჭირდებათ? ამ კანონის მიღების გარეშე რა ხდება ისეთი ცუდი, რომ ასე ნაჩქარევად უნდა მივიღოთ?

დავით ნარმანია: ამ კანონის გარეშე შეიძლება გაიყიდოს ისეთი აქტივები, რომელიც მერე მაღალი ტარიფით შესაძლოა იყოს ასასახი ტარიფში. 

გიგა ბოკერია: ტარიფში ასახვა ზუსტადაც არის მარეგულირებლის საქმე. თუ ვინმე ეგეთ სისულელეს იზამს, რომ ხელოვნურად მაღალ ფასს დაასახელებს, მერე უნდა მოვიდეს თქვენთან, ტარიფში ამისახეთო და არ აუსახოთ? სულელი ხომ არ არის? 

ევროპული საქართველოს ლიდერის პასუხად დავით ნარმანიამ თქვა, რომ ტარიფის არასახვის შემთხვევაში, კომპანიები, შესაძლოა, სასამართლოებში წავიდნენ და სემეკი სწორედ ამის აცილებას ცდილობს სახელმწიფოსთვის. 

"ეს საკითხი არ მინდა იქცეს დღეს მაინც პოლიტიკური ჩხვლეტების და თავდასხმების საგნად. მე ჩემი პოლიტიკური ხედვა მაქვს. ამ ხელისუფლების არჩევნებში მარცხის შემდეგ ეს კანონი გაუქმდება, პირდაპირ გეუბნებით, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგრამ ვთქვათ, თქვენ იგებთ არჩევნებს, ეს ზიანი, რაც ამ მთელი პაკეტით მიადგა ქვეყანას ყველა ინვესტორის თვალში, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამით იმ ტიპის ზიანს აყენებთ, რომლის გამოსწორებაც მერე ძნელი იქნება. რატომ აკეთებთ ამას, ვერ აგვიხსნით ვერაფრით?

რა ტარიფში ასახვა. იმიტომაა ეს რეგულირებული სფერო, რომ ტარიფში ასახვა არის ხელისუფლების ხელში. ბოდიშს ვიხდი და, რა სისულელეა, რომ ვიღაც გარისკავს, რომ ტარიფს დაითვლიან, მერე სასამართლოში წავიდეს. ამისგან გვინდა დავიზღვიოთ თავიო. რა წამოცდა ბატონ ნარმანიას დააკვირდით? ტრანზაქციები მოხდებაო, ბიზნესი იმუშავებს, ფული ჩაიდება...

თქვენ, სემეკს ეს არ გადარდებთ, მაგრამ ჩემს კოლეგებს უნდა ადარდებდეთ. ხომ გინდათ, რომ არჩევნები მოიგოთ და ხელისუფლებაში დარჩეთ? თქვენი გადასახდელი იქნება ეგ ფასი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კანონპროექტის მიხედვით, სანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი კომპანია 5%-იან ან უფრო მსხვილ წილს გაყიდის, ან მფლობელს შეიცვლის, ვალდებული იქნება, ამის შესახებ სემეკს აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას ნებართვას წილის გასხვისებაზე.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, "ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე". სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყაზტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები