ენერგეტიკა და წყალმომარაგება

კახიძე სემეკის კანონპროექტზე: ეს რედაქცია ჩვეულებრივი ბიუროკრატიული მავნებლობაა

პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის შეფასებით, თუკი სემეკის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ დაკონკრეტდება და ყველა რეგულაცია დასაბუთებული არ გახდება, სახეზე ჩვეულებრივი ბიუროკრატიული მავნებლობა გვექნება. 

დეპუტატის შეფასებით, ამ კანონპროექტის ასეთი რედაქციით გატანა არა მხოლოდ ჩაკეტავს ინვესტიციებს ამ სფეროში, არამედ მთავრობას საშუალებას მისცემს, მარეგულირებლის, ამ შემთხვევაში, სემეკის ხელით, მონოპოლისტი გახდეს. 

ამის შესახებ ოთარ კახიძემ დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტზე ისაუბრა, სადაც სემეკის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება.  გამანაწილებელ კომპანიებს კანონპროექტით წილების გაყიდვა ეზღუდებათ. მარეგულირებელს სურს კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს. 

"თქვენ ამბობთ, რომ ბაზარზე რომ ჩარევა არ იყოს, იმისთვის აკეთებთ ამას. ცინიზმის მწვერვალია. ბაზარზე რომ ჩარევა არ იყოს, თურმე, ამისთვის გინდათ, ნებისმიერი გარიგების ნებისმიერი პირობის კონტროლი გქონდეთ და შემდეგ უკანა რიცხვით რაღაცების კონტროლის საშუალება. რაც შეეხება ბაზარზე ჩარევას, ისედაც რომ მცირდება ინვესტიციები და თქვენ დამატებით ახალ შეზღუდვებს რომ აწესებთ და ფასი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა გარიგების, რომელში ჩარევის საშუალებასაც გაძლევთ ეს ტექსტი. 

ახლა თქვენ რომ ყიდულობდეთ უძრავ ქონებას და ამაში რომ გინდოდეთ ინვესტიციების ჩადება და შემდგომ მთავრობა, მარეგულირებელი, ვიღაც ბიუროკრატიული უწყება დაგიდგენთ, რომ არა, ეს ზედმეტად დაბალი ფასია, რაც გადაიხადეთ, ასე არ შეიძლებაო, ჩადებთ ამ სფეროში ინვესტიციას? მანქანას რომ ყიდულობდეთ და მომსახურების სააგენტომ რომ გითხრათ, რომ 7 000-ით მეტი უნდა გადაგეხადათ და ვაუქმებთ ამ პირობასო. 

ჩვენ ხომ საღ აზრზე ვლაპარაკობთ. სექტორი, რომელსაც ისედაც პრობლემა აქვს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ახალი ბიუროკრატიული მექანიზმებით იხუნძლება და თან ისეთი მექანიზმებით, რომელიც ბოლომდე განუჭვრეტელს ხდის ნებისმიერი გარიგების პირობას. გარიგების პირობა არის ნებისმიერი პირობა, მაშინ, თუ ასე არ განიმარტება და თუ რაიმე სხვა მნიშვნელობაა ამის უკან, ნება იბოძეთ და დააკონკრეტეთ იმიტომ, რომ აქ ჩვენ ხმას არ მივცემთ პროექტს, სადაც ასეთი ფართო და განუჭვრეტელი იქნება რეგულაციები და დასაბუთებული თუ არ იქნება ეს ყველაფერი, ეს არის ჩვეულებრივი ბიუროკრატიული მავნებლობა, რომელიც არა მხოლოდ ინვესტიციას ჩაკეტავს მთლიანად ამ სექტორში, არამედ სახელმწიფო მარეგულირებლის ხელით, და ახლა იმედი მაქვს, აქ ზღაპრებს არ მოვყვებით, როგორი დამოუკიდებელია სინამდვილეში ეს მარეგულირებლები ნებისმიერი სფეროს პირობებში, გახდება მონოპოლისტი ბაზრის პირობებში და ბაზრის მოთამაშეები იძულებულები იქნებიან, მთავრობის დიქტატს დაექვემდებარონ მარეგულირებელი კომისიის გავლით". – თქვა ოთარ კახიძემ. 

კანონპროექტის მიხედვით, სანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი კომპანია 5%-იან ან უფრო მსხვილ წილს გაყიდის, ან მფლობელს შეიცვლის, ვალდებული იქნება, ამის შესახებ სემეკს აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას ნებართვას წილის გასხვისებაზე.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, "ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე". სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყაზტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.

კომენტარები