აშშ-ჩინეთი

ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების ბრძანებას

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ფოტო: Today Online

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ჰონგ-კონგისთვის სპეციალური ეკონომიკური სტატუსის გაუქმების თაობაზე. მიზეზი ჩინეთის მიერ მიღებული უშიშროების ახალი კანონებია, რომლებიც ქალაქის ავტონომიას ამცირებს.

"ჰონგ-კონგს ახლა ისე მოვექცევით, როგორც კონტინენტურ ჩინეთს. არავითარი განსაკუთრებული პრივილეგიები ეკონომიკაზე და სენსიტიური ტექნოლოგიების ექსპორტზე". – თქვა ტრამპმა.

მან ასევე ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონს, რომელიც კონგრესმა მიმდინარე თვეს მიიღო. ჰონგ-კონგის ავტონომიის აქტი ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული ჩინელი ოფიციალური პირებისათვის სანქციების დაწესებას მოიცავს.

"ეს კანონი ჩემს ადმინისტრაციას ძლიერ იარაღს აძლევს იმ პირების პასუხისგებაში მისაცემად, ვინც ჩათულნი არიან ჰონგ-კონგის თავისუფლების გაქრობაში". – თქვა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან საუბარს არ აპირებს და ჩინეთს კვლავ აკისრებს პასუხისმგებლობას კორონავირუსის დამალვისა და მსოფლიოში გავრცელების გამო.

ჩინეთი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ს მოუწოდეს, არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში.

აშშ ამ დრომდე ოფიციალურად ცნობდა განსხვავებას ჰონგ-კონგსა და კონტინენტურ ჩინეთს შორის დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებში. 1992 წლის აშშ-ჰონგ-კონგის პოლიტიკის აქტით, ქალაქი სარგებლობდა ისეთი შეღავათებით, რაც კონტინენტურ ჩინეთს არ ჰქონდა, მათ შორის, დაბალი ტარიფებითა და განსხვავებული საბაჟო და საიმიგრაციო პირობებით. ეს ვითარება 2019 წლის ნოემბრიდან ნაწილობრივ შეიცვალა, როდესაც აშშ-მ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტი მიიღო. აქტის მიხედვით, ქალაქის პოლიტიკაში ჩინეთის ჩარევის გაზრდის გამო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ყოველწლიურად უნდა მიმოეხილა ჰონგ-კონგში არსებული სიტუაცია და ანგარიში კონგრესისათვის წარედგინა. ამგვარად გადაწყვეტდნენ ქალაქის ავტონომიის სტატუსს და არსებული შეთანხმების ძალაში დატოვების, ან შეცვლის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგი მსხვილი მწარმოებელი არ არის, ქალაქის გავლით აშშ-ს ბაზარზე გადიოდა ჩინური კომპანიები. 2018 წელს აშშ-სა და ჰონგ-კონგს შორის ვაჭრობამ 67 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალი კანონის მიღების გამო, აშშ ჰონგ-კონგს განსხვავებულ პირობებს მოუხსნის და ისეთივე ტარიფებს დაუწესებს, როგორც ჩინეთს. ჩინეთისათვის დაწესებული ტარიფები და სანქციები კი ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, სავაჭრო ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, მუდმივად იზრდება.

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ახალი კანონების მიღების შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომია აღარ არსებობს და მისი სპეციალური სტატუსი გაუქმდება, აშშ კი ყველა იმ შეთანხმებიდან გავა, რომელიც აშშ-სა და ჰონგ-კონგს შორის არსებობს.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები