New York Times

NY Times-ის პუბლიცისტმა გამოცემა Twitter-ის კრიტიკოსების აყოლაში დაადანაშაულა და დატოვა

Sipa USA

New York Times-ის პუბლიცისტმა, მწერალმა ბარი ვეისმა გამოცემა დატოვა. ვეისის პუბლიკაციები ხშირად იწვევდა ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციებს. New York Times-იდან წამოსვლასთან დაკავშირებულ წერილში ვეისმა თაიმსი გააკრიტიკა. გამოცემის სამუშაო გარემოს მან არალიბერალური უწოდა და New York Times-ი “Twitter-ის კრიტიკოსების” კაპრიზებზე აყოლაში დაადანაშაულა.

“Twitter-ი არ არის New York Times-ის სარედაქციო ჯგუფში, მაგრამ Twitter-ი გახდა მისი მთავარი რედაქტორი”. – წერს ბარი ვეისი.

ვეისის აზრით, Twitter-ი გამოცემის ცენზორად იქცა და ამბები, რომლებსაც გამოცემა აშუქებს, მხოლოდ ვიწრო ინტერესების მკითხველების დაკმაყოფილებას ემსახურება და არ აძლევს ხალხს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოზე და გამოიტანონ საკუთარი დასკვნები.

ვეისის განცხადებით, ის შევიწროვების მსხვერპლი გახდა არა მხოლოდ სოცმედია პლატფორმაზე, არამედ New York Times-შიც. ბარი ვეისმა თანამშრომლები მის ღია და უხეშ კრიტიკაში დაადანაშაულა. ვეისის თქმით, მას არაერთხელ უწოდეს ნაცისტი და რასისტი.

ბარი ვეისმა თაიმსში მუშაობა 2017 წელს დაიწყო. თაიმსში მისი მუშაობის დაწყება გამოცემის პუბლიცისტური სვეტის ყოფილი რედაქტორის, ჯეიმს ბენეტის ხედვის ნაწილი იყო. ბენეტის მიზანი იყო, მკითხველისთვის ფართოდ წარმოეჩინა კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის მრავალი განსხვავებული მხარე. თუმცა სოციალურ მედიასაიტებზე და, განსაკუთრებით, Twitter-ზე ვეისი მალევე გახდა კრიტიკის ობიექტი.

გამოცემაში მუშაობისას ბარი ვეისი საკუთარ თავს ცენტრისტ ლიბერალს უწოდებდა. ვეისი ხშირად აკრიტიკებდა რადიკალ მემარცხენეებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის. ვეისი წერდა ანტი-სემიტიზმზე, ქალების მარშზე, კულტურული მითვისების კრიტიკისა და #MeToo მოძრაობის ნაკლოვანებებზე.

კომენტარები